რა კატეგორიის მოქალაქეებს ეხებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები – დავით სერგეენკო განმარტებას აკეთებს

​დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა. განხორციელებულ ცვლილებებზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მან საყოველთაო პროგრამის ჯგუფებსა და დაფინანსების პირობების თაობაზე დეტალური განმარტება გააკეთა.
მისი თქმით, საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს, არჩევანის საშუალება აქვთ, ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით თუ კერძო სადაზღვევო პაკეტით. ამასთან, ამ კატეგორიაში შემავალი მოქალაქეებისთვის, პროგრამის ფარგლებში, კერძო დაზღვევის პაკეტის ქონის მიუხედავად, შენარჩუნებულია ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა. კერძოდ, ქიმიო და ჰორმონოთრაპია, ასევე, მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება.
დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლებია, ასევე, თვითდასაქმებულ, არარეგულარული შემოსავლის მქონე პირებს, კერძო დაზღვევის ქონის მიუხედავად, შეუნარჩუნდათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის უფლება, თუმცა მცირედ შეზღუდული პაკეტით. ხელმისაწვდომი რჩება ონკოლოგიური დაავადებების მართვაც (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია) და მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება.
​სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულაც 70 000-დან 100 000-მდეა და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს, პედაგოგებსა და შშმ პირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩუნდათ. ამასთან, მათ არ ეზღუდებათ კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება.
მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური (და არა ოჯახის) შემოსავლის მიხედვით.
პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა ყველა ჯგუფს უფინანსდება. ასევე, ყველა ჯგუფი დარჩა ჯანდაცვის სახელმწიფო სხვა პროგრამების (მაგ: C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, დიაბეტის მართვისა და ა.შ) მოსარგებლეებად. ამას გარდა, ზაფხულიდან პროგრამის ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ.​სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000 -მდეა, ზაფხულიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდებათ. ეს დაავადებებია: მაღალი არტერიული წნევა; გულის უკმარისობა, კორონალური სისტემის დაავადებები; დიაბეტის მე-2 ტიპი;ფილტვების ქრონიკული დაავადებები; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.
„მედიკამენტის შესყიდვისას, მთავარი აქცენტი ხარისხზე გაკეთდება. თუ მედიკამენტი არ არის წარმოებული ევროკავშირის ქვეყნებში, ამ შემთხვევაში, აუცილებელი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის სერტიფიკატის წარმოდგენა. მედიკამენტების ღირებულება კი სიმბოლურად, თვეში მაქსიმუმ 1 ლარი იქნება.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილების მიზანია სოციალური სამართლიანობის შექმნა. გარდა ამისა, სადაზღვევო ინდუსტრიას ექნება ყველა ბერკეტი, რომ აქტიური მარკეტინგით შეძლონ მომხმარებლების მიზიდვა“, -აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები