ზუგდიდის პროკურატურის ორგანიზებით კამპანია – „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები“-ს ფარგლებში ღონისძიებები განხორციელდა

საქართველოს პროკურატურის მიერ დაწყებული კამპანია – „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები“ გრძელდება.
როგორც ”კვირას“ საქართველოს პროკურატურის პრესსამსახურიდან აცნობეს, კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ქ.ზუგდიდის მოსახლეობისთვის სატრანსპორტო დანაშაულთა პრევენციის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებები განხორციელდა.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, რამდენიმე მოქმედებიანი ავტოსატრანსპორტო დარღვევების სხვადასხვა სიტუაციის ამსახველი წარმოდგენა გაიმართა. ღონისძიების მსვლელობისას, იმიტირებული ავტოსაგზაო წესების დარღვევის ჩვენება მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო ხალხმრავალ ადგილას მძღოლების მიერ ავტომობილების მოუწესრიგებლად ტარება, რა დროსაც ავტომანქანების მიერ დაკავებული პერიმეტრიდან მოქალაქეებმა ვერ მოახერხეს გასვლა და ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების ბრიგადას ფეხით მოუხდა პაციენტამდე მისვლა. ღონისძიებაზე ზებრა გადასასვლელის მნიშვნელობასაც გაესვა ხაზი. ქალაქ ზუგდიდის კულტურის ცენტრ ,,ოდიშის“, ანსამბლ ,,ჩელას“ და მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ,,დავლათის“ მოწვეულმა მსახიობებმა ქვეითთა გადასასვლელებზე სხვადასხვა პერსონაჟები განასახიერეს.

სატრანსპორტო დანაშაულების და ადმინისტრაციული გადაცდომების პრევენციის მიზნით, ღონისძიების მონაწილეებმა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ნასვამი მძღოლის, ავტოსატრანსპორტო დარღვევის და საგზაო წესების დაუმორჩილებლობის იმიტირებული შემთხვევები წარმოადგინეს, რა დროსაც ნასვამი მძღოლის მიზეზით, მგზავრი ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა.

ზუგდიდის მცხოვრებლებისთვის, სპეციალურად მოწყობილ მონიტორზე ავტოსაგზაო შემთხვევების ამსახველი ვიდეორგოლის და ფოტომასალის ჩვენება მოეწყო, რასაც თან ახლდა სატრანსპორტო დანაშაულების გამომწვევი მიზეზების პრევენციასთან დაკავშირებული საინფორმაციო მესიჯები და საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკური მონაცემები. ღონისძიების მონაწილეებმა მოსახლეობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის მიერ დაბეჭდილი საინფორმაციო ფლაერები დაურიგეს. ასევე, წარმოდგენილი იქნა ვიდეორგოლი, სადაც ნაჩვენები იყო პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის მიერ ჩატარებული სხვადასხვა ღონისძიება.

”საქართველოს პროკურატურა კამპანიას – „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები“ პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ახორციელებს და მისი მიზანია მოსახლეობის ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზებისა და ქმედებების შესახებ ინფორმირება, სატრანსპორტო დანაშაულზე ცნობიერების ამაღლება და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია”, – აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები