ცესკო – „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“

„ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ – ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი ინიციატივა და საქართველოს მასშტაბით, საოლქო საარჩევნო კომისიების მოსახლეობასთან შეხვედრებს ითვალისწინებს.

​როგორც „კვირას“ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან აცნობეს, თითოეულ მუნიციპალიტეტში გასვლითი შეხვედრები ეტაპობრივად იმართება. ამომრჩევლებს საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები სოფლებისა და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხვდებიან და 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების და საარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ ინფორმაციას აწვდიან. გარდა ამისა, მოსახლეობას თვითმმართველობის არჩევნების შესახებ საინფორმაციო ბარათებს ურიგებენ, საარჩევნო უფლებების თაობაზე ესაუბრებიან და მათ მოსაზრებებს იზიარებენ.

​დღეს ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, მოხალისეებთან ერთად, ამომრჩევლებს მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიასთან შეხვდნენ. გასვლითი შეხვედრები, ასევე, გაიმართა ბორჯომში, ხაშურში, ახალციხეში, ბათუმში, საგარეჯოში, მთაწმინდის რაიონის რამდენიმე სოფელში, მათ შორის, ტაბახმელასა და წავკისში. გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართება გორის დევნილთა დასახლებებში, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში, მცხეთაში და სხვა მუნიციპალიტეტებში.

​საქართველოს მასშტაბით, მოქალაქეებთან საინფორმაციო სახის შეხვედრები მაისის თვის ბოლოს დასრულდება. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის არსებითად მნიშვნელოვანია მოქალაქეების აზრის გაგება ზოგადად, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული სერვისების გაუმჯობესების მიზნით, სწორედ მათი მოსაზრებების გათვალისწინება მოხდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სურვილის შემთხვევაში, ამომრჩევლები შეავსებენ მოსაზრებების ბარათებსაც. საარჩევნო ადმინისტრაცია, თავის მხრივ, კომპეტენციის ფარგლებში, მიღებული მონაცემების საკუთარ საქმიანობაში გათვალისწინებას გეგმავს.

​გასვლითი შეხვედრების დროს საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები მოქალაქეებს მაისში დაგეგმილ საჯარო საინფორმაციო შეხვედრებზეც იწვევენ (რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიებში გაიმართება), სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, კიდევ უფრო დეტალური ინფორმაცია მიიღონ არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ – თუ რა ხორციელდება იმისათვის, რომ ამომრჩევლებს ყოველთვის ჰქონდეთ შესაძლებლობა, ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში შეასრულონ საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი.

„უფრო ახლოს“ საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი ინიციატივის სლოგანია, რაც ამომრჩევლებსა და საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის უფრო უშუალო და ეფექტურ კომუნიკაციას გულისხმობს და ამომრჩევლის ინფორმირებასთან ერთად, პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანიც არის. გასვლითი შეხვედრებით, საარჩევნო ადმინისტრაცია მიზნად ისახავს, ამომრჩეველი იყოს კარგად ინფორმირებული, იცოდეს საკუთარი საარჩევნო უფლებები, გაიგოს, თუ რა კეთდება საარჩევნო პროცესების ეფექტურად განხორციელებისთვის. გარდა ამისა, ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, დახმარების მიზნით, ყოველთვის შეუძლია მიმართოს თავის საოლქო საარჩევნო კომისიას. „ამომრჩეველთან უფრო ახლოს!“ რეგიონებში გასვლითი შეხვედრების გრაფიკი, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება შეიცვალოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები