გიორგი კვირიკაშვილი – ჩვენ გავიცანით აშშ-ის ღირსშესანიშნავი ელჩები საქართველოში, ძვირფასო ელჩებო, დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენი პირადი წვლილისთვის

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო პარტნიორები და პირველ რიგში, აშშ აცნობიერებენ და აღიარებენ საქართველოს წარმატებას ბოლო წლების განმავლობაში. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, იყოს აშშ-ის საყრდენი, სანდო პარტნიორი და ჩვენი საერთო პოლიტიკური, სავაჭრო და უსაფრთხოების ინტერესების ერთგული დამცველი.
”ჩვენს რეგიონს სჭირდება საქართველო, როგორც ეკონომიკური და ნორმატიული ცენტრი. ჩვენ ერთმანეთთან ჰარმონიაში მოგვყავს ჩვენი ინფრასტრუქტურა და ნორმატიული ბაზა, რათა ვიქცეთ შავი ზღვის სანაპიროს სამხრეთ ნაწილში ისეთ ადგილად, სადაც ჩქეფს ბიზნესი, სადაც ერთმანეთს ხვდება სავაჭრო და ენერგეტიკული მარშრუტები და სადაც ღირებულებათა ჯაჭვები ერთმანეთთანაა შერწყმული. საქართველო არა მხოლოდ მზად არის, შეასრულოს დერეფნისა და სატრანსპორტო და ენერგეტიკული ცენტრის როლი ჩვენს რთულ რეგიონში, არამედ მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, იყოს აშშ-ის საყრდენი, სანდო პარტნიორი და ჩვენი საერთო პოლიტიკური, სავაჭრო და უსაფრთხოების ინტერესების ერთგული დამცველი. გარდა უსაფრთხოების სფეროში მზარდი თანამშრომლობისა, ჩვენ კიდევ უფრო უნდა განვამტკიცოთ ეკონომიკური კავშირები ჩვენს ქვეყნებს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ თუკი ჩვენ გავაგრძელებთ მშენებლობას, ჩვენი ახლო პოლიტიკური ურთიერთობების მტკიცე საფუძველზე, ძალიან მალე ამერიკასთან ორმხრივმა ვაჭრობამ შეიძლება, მილიარდ დოლარსაც გადააჭარბოს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.
”საქართველოში მტკიცედ სწამთ ჩვენი ევროატლანტიკური მომავალი. ჩვენ ვაფასებთ და ვიზიარებთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ფუნდამენტურ ღირებულებებს. ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება და სიმტკიცე ჩვენი მიზნების მიღწევის გზაზე და მომავალშიც ასე გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორები აცნობიერებენ და აღიარებენ საქართველოს წარმატებას ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ მადლობელნი ვართ მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან, ასევე, არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით. ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობის გაღვივების გაგრძელებას. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად, ჩვენ შევძლებთ როგორც რეგიონალური, ისე გლობალური მასშტაბით კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას”, – განაცხადა პრემიერმა.
კვირიკაშვილმა საქართველოში მოღვაწე ამერიკელ ელჩებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი საქართველოს პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილი არიან.
”ამ 25 წლის განმავლობაში, ჩვენ გავიცანით აშშ-ის ღირსშესანიშნავი ელჩები საქართველოში. ისინი არ არიან მხოლოდ პროფესიონალი დიპლომატები და ოფიციალური პირები, რომლებსაც მოეთხოვებათ თავიანთი ადმინისტრაციის გზავნილების გავრცელება. არა! ისინი არიან საქართველოს პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, რომლებიც ერთგულებენ ამ ქვეყანასა და მის მომავალს. ძვირფასო ელჩებო, დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენი პირადი წვლილისთვის საქართველოს ჩამოყალიბებაში ისეთ სახელმწიფოდ, როგორსაც ჩვენ დღეს ვხედავთ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები