პარლამენტის თავმჯდომარე მემორანდუმის ხელმომწერი ქვეყნების მოსამართლეთა ასოციაციების საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

„კონსტიტუციის დონეზე დაიწერება ახალი ნორმები, რომლებიც  მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს დაადგენს. საუბარია კეთილსინდისიერებაზე, პროფესიონალიზმზე და სწორედ კონსტიტუციის დონეზე იქნება გაწერილი მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები. იქნება გაწერილი ახალი ნორმები, რომელიც უზრუნველყოფს მოსამართლეთა შეუცვლელობას. მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპი  განმტკიცებული იქნება საქართველოს კონსტიტუციის დონეზე. მათ შორის, გვექნება სპეციალური რეგულაცია, რომლის თანახმადაც, სასამართლოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია არ შეიძლება გახდეს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მემორანდუმის ხელმომწერი ქვეყნების მოსამართლეთა ასოციაციების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ღონისძიებაზე, რომელიც მოსამართლეთა საქმიანობის შეფასებას, სასამართლო მედიაციასა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხების განხილვას დაეთმო, დამწრეთ მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში სასამართლოს თავში განხორციელებულ სიახლეებსა და ცვლილებებზე ისაუბრა.

„ჩემთვის დიდი პატივია ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. მოხარული ვართ, რომ საქართველო მასპინძლობს ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას,  სხვადასხვა ქვეყნიდან მაღალი რანგის მოსამართლეების მონაწილეობით. ძალიან მნიშვნელოვანია მოსამართლეების ინტერაქცია, აქტიური კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყნის სასამართლოებს შორის, იმისათვის, რომ გაძლიერდეს ჩვენი სასამართლო სისტემები”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ გამოსვლის დასაწყისში.

​პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოს ხედვები გააცნო და იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა.

„2012 წლიდან საქართველოს პარლამენტმა დაიწყო მთელი რიგი ზომების მიღება იმისათვის, რომ გაძლიერდეს საქართველოში სასამართლო სისტემა. ამ დროის განმავლობაში, გასული ოთხი წლის განმავლობაში,  საქართველოში სასამართლო რეფორმის ე. წ. სამი ტალღა განხორციელდა და ამ ყველაფერმა ჩვენს ქვეყანაში  სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის თვისობრივი გაუმჯობესება უზრუნველყო, რითაც საქართველოს პარლამენტი, რა თქმა უნდა, უნდა ამაყობდეს და ჩვენ გვაქვს ამის ყოველგვარი უფლება.

სასამართლოს სისტემის ბოლო ტალღა  გასული წლის  ბოლოს,  უკვე ახალი მოწვევის პარლამენტის ფარგლებში, განხორციელდა და ამ რეფორმის  ერთ-ერთი უმთავრესი ასპექტი იყო ის, რომ სასამართლო სისტემაში  შემოღებული იქნა საქმეთა ელექტრონული განაწილების წესი. ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა, რაც იძლეოდა თვითნებობის, მანიპულირების საშუალებას. ეს წესი დღეს არის დამკვიდრებული, ჩვენი კანონმდებლობით შემოღებულია საქმეების ელექტრონული განაწილების წესი, რაც გამორიცხავს მანიპულაციას და თვითნებობას სასამართლო სისტემაში.

მოგახსენებთ, რომ პარლამენტი აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რათა თავისი მაქსიმალური წვლილი შეიტანოს საქართველოში სასამართლო ხელისუფლების  და მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებაში.

ამასვე ემსახურება საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა წამოიწყო მიმდინარე წლის იანვარში. შეიქმნა სპეციალური სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, იმისათვის, რომ ფუნდამენტურად გადაისინჯოს ქვეყნის ძირითადი კანონი. ეს რეფორმა ეხება კონსტიტუციის ყველა თავს, ყველა იმ რეგულაციას, რომელიც არის წარმოდგენილი საქართველოს კონსტიტუციაში”, – განაცხადა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ კონფერენციის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ის ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც სასამართლო სისტემის გაძლიერებას, მისი დამოუკიდებლობის განმტკიცებას და მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესების წესს შეეხებოდა.

“ჩვენ გვახსოვს როგორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული საქართველოში, გასული წლების განმავლობაში. მაგალითად, 2004 წელს, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება, სწორედ ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის საბაბით და საფუძვლით, მოხდა თითქმის მთელი სასამართლო კორპუსის ჩანაცვლება. იმისათვის, რომ მომავალში აღარ განხორციელდეს ასეთი ტიპის ცვლილებები, იმისათვის, რომ არ მოხდეს ხელყოფა სასამართლოს და მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა, ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის რეგულაციების დამატება საქართველოს კონსტიტუციაში და სწორედ ეს არის უზრუნველყოფილი საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში.

ასევე, გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები დამატებით, რომლებიც მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესებას ეხება. მაგალითად, კონსტიტუციის დონეზე დადგინდება ძალიან მაღალი კვორუმი, კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილებათა მიღების წესი მოსამართლეთა გამწესებისთვის. გაიწერება კონსტიტუციაში, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, გადაწყვეტილებებს მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესების თაობაზე მიიღებს სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით, რაც უზრუნველყოფს შესაბამისი პროცედურების განხორციელებისას ობიექტური კრიტერიუმების დაცვას. ასევე, გაიწერება ახალი ნორმები, რომლებითაც მკაფიოდ დადგინდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა. დღევანდელი რეგულაციებით არ არის მკაფიოდ განსაზღვრული იუსტიციის საბჭოს წევრთა რაოდენობა, ასევე, არ არის მკაფიოდ დარეგულირებული ის, თუ რომელი სუბიექტები რა რაოდენობით წევრებს წარადგენენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და საქართველოს კონსტიტუციაში აქაც მკაფიო რეგულაციები ჩაიდება. იქნება სპეციალური ნორმა, რომელიც უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულებას მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე. ეს არის მნიშვნელოვანი დამატება. ასევე, ცვლილებები ეხება უზენაესი სასამართლოს ფორმირების წესს. პირველ რიგში განისაზღვრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მინიმალური რაოდენობა და მინიმალური რაოდენობა იქნება 28 წევრი. დღეს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია 13 წევრი და ჩვენ ვიცით ის, თუ რა პრობლემებთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი.  ძალიან მნიშვნელოვანი უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობისთვის ის, რომ გაიწეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მინიმალური რაოდენობა და ეს იქნება 28 წევრი. გარდა ამისა, გაძლიერდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა გამწესების პროცესში. დღევანდელი რეგულაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად და ვენეციის კომისიის 2010 წლის რეკომენდაციის თანახმად, ეს უფლებამოსილება გადავა საქართველოს პრეზიდენტიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარდგინებით აირჩევიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები სწორედ საქართველოს პარლამენტის მიერ, რაც კიდევ ერთხელ გააძლიერებს სასამართლო სისტემას, გააძლიერებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და გააძლიერებს საქართველოს უზენაეს სასამართლოს. ეს არის ის ძირითადი ცვლილებები, რომლებიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა საქართველოს კანონმდებლობაში სასამართლოს გასაძლიერებლად. ეს არის ის ძირითადი ცვლილებები, რომლებიც განხორციელდება უახლოეს მომავალში კონსტიტუციის დონეზე იმისათვის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის შემდგომი განმტკიცება. საქართველოს პარლამენტის სახელით, ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ძალიან ღრმა პატივისცემა მართლმსაჯულების სისტემის წინაშე, სასამართლო ხელისუფლების წინაშე, მისი ხელმძღვანელობის წინაშე. დამოუკიდებელ სასამართლოს აქვს, ბუნებრივია გადამწყვეტი მნიშვნელობა კონსტიტუციური სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისათვის და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები სასამართლოს დამოუკიდებლობის შემდგომი განმტკიცებისათვის და სასამართლოს ეფექტიანობის ხარისხის შემდგომი ამაღლებისათვის. ამისათვის, საქართველოს პარლამენტი გააკეთებს ყველაფერს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ სასამართლო სისტემაში განხორციელებული ცვლილებები ჟურნალისტებთანაც შეაფასა და კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში გაკეთებულ ახალ ჩანაწერებზე კომენტარი გააკეთა.

„საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ბევრ რამ გაკეთდა იმისათვის, რომ ფუნდამენტალურად შეცვლილიყო ვითარება და სახეზეა ის ცვლილებები, რომლებიც 2012 წლის შემდეგ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის განმტკიცების თვალსაზრისით განხორციელდა. კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერები კეთდება, რომლებიც დამატებით განამტკიცებს სასამართლოს დამოუკიდებლობას და ეფექტიანობას. ეს რეფორმები უნდა გაგრძელდეს იმისათვის, რომ საბოლოოდ ჩვენ შედეგად მივიღოთ ევროპული ტიპის და ევროპული ხარისხის მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საერთაშორისო კონფერენციის მნიშვნელობა და საქართველოში განხორციელებული სასამართლო სისტემის რეფორმები  უცხოელმა ექსპერტებმაც შეაფასეს.

„კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შესამჩნევია ის განვითარება, რაც საქართველომ გააკეთა. საქართველოს მიზანია შექმნას მყარი და ძლიერი იუსტიცია და აქედან გამომდინარე, მოსამართლეთა კორპუსის გაძლიერება მნიშვნელოვანი საკითხია ამ პროცესში. გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ საქართველო განვითარების კარგ გზაზე დგას და გვინდა, რომ ამ განვითარებას მხარი დაუჭიროთ. ის ცვლილებები, რომლებიც დაგეგმილია საქართველოს კონსტიტუციაში, ვფიქრობ, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს უწყობს მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გაძლიერებას. ეს კონფერენცია კარგი პლატფორმაა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შეგვიძლია გამოცდილება გაუზიაროთ ერთმანეთს და პირადად მე კარგი შთაბეჭდილებებით დავტოვებ აქაურობას. გერმანია მხარს უჭერს საქართველოში წამოწყებულ რეფორმებს და ვთვლი, რომ ეს რეფორმები ძლიერი მართლმსაჯულებას და ძლიერი იუსტიციის სისტემას განაპირობებს”, – განაცხადა გერმანიის მოსამართლეთა კავშირის თავმჯდომარემ, იენს გნიზამ.

„საქართველოს სასამართლო სისტემის გაცნობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი კონფერენცია იმართება. ღონისძიების მონაწილეებს ამერიკის ფედერალური სასამართლოს გამოცდილებას გავაცნობ და ასევე მოვისმენ სხვა ქვეყნების გამოცდილებას. კონფერენციაზე საქართველოს გამოცდილებასაც გავეცანი და იმედი მაქვს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა და პარლამენტი რეფორმების პროცესს შეუფერხებლად გააგრძელებს”, – განაცხადა აშშ-ის ფედერალური მოსამართლემ ასტონ ტრენგამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები