ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი გააცნო

„საქართველოს კონსტიტუცია არის ის დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, მათ შორის ეკონომიკურ სისტემაზე და ბიზნეს სექტორზე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობს, შეხვედრის მონაწილეებს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი გააცნო და განსაკუთრებული ყურადღება იმ საკითხებზე გაამახვილა, რომელიც უკავშირდება ეკონომიკურ ურთიერთობებს და ბიზნეს სექტორს.

„დიდ მადლობას გიხდით თქვენ ინტერესისთვის საქართველოს კონსტიტუციის მიმართ და იმ პროცესების მიმართ, რომელიც წარიმართება საქართველოს პარლამენტში, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. საქართველოს კონსტიტუცია არის ის დოკუმენტი, რომელიც ბუნებრივია, პირდაპირ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, მათ შორის ეკონომიკურ სისტემაზე და ბიზნეს სექტორზე, აქედან გამომდინარე, გასაგებია ფართო ინტერესი, რომელიც არსებობს ამ დოკუმენტის მიმართ. კომისია მუშაობას წარმართავდა დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში. გვქონდა სხვადასხვა ფორმატში ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოდგენილია ქვეყნის ძირითად კანონში.

ძალიან კარგია, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გვქონდა ბიზნესსექტორთან კომუნიკაციის შესაძლებლობა. ჩვენ ერთად განვიხილეთ ის ცვლილებები, რომლებიც განსაკუთრებით ეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს, ბიზნეს სექტორს და მთელი რიგი მოსაზრებები უკვე ასახული და გაზიარებული იმ დოკუმენტში, რომელიც ჩვენ მიერ იქნება წარდგენილი პარლამენტში უახლოესი დღეების განმავლობაში.

კონსტიტუციის პირველი თავი აწესრიგებს ზოგად დებულებებს, განსაზღვრავს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს. აქ წარმოდგენილია, მათ შორის, ოთხი ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც ეფუძნება ჩვენი კონსტიტუცია. ეს პრინციპები დღემდეც იყო ასახული კონსტიტუციის პრეამბულაში. ეს არის დემოკრატიის პრინციპი, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, სოციალური სახელმწიფოს პრინციპი და ეკონომიკური თავისუფლების პრინციპი. ოთხივე მათგანი იყო ასახული პრეამბულაში, თუმცა კონსტიტუციის პირველ თავში არ იყო თითოეული ეს პრინციპი დეტალურად გაშლილი და განმარტებული.

რაც შეეხება ახალ რედაქციას, ახალ რედაქციაში არის სათანადო ყურადღება დათმობილი თითოეულ ამ პრინციპისთვის და ოთხივე პრინციპს ეთმობა ცალკე სპეციალური მუხლი.

პირველ რიგში, ეს არის დემოკრატიის პრინციპი. აქ წარმოდგენილია დამატებითი ნორმები, რომელიც უზრუნველყოფს სტანდარტის მაღლა აწევას. გვაქვს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, სადაც ასევე, მთელი რიგი დამატებითი რეგულაციები არის შეტანილი და სოციალური სახელმწიფოს პრინციპი, რომელსაც ცალკე მუხლი ეთმობა.

ახალმა ჩანაწერმა, ახალმა მუხლმა გამოიწვია სხვადახვა ტიპის გამოხმაურებები. იყო სპეკულაციებიც, განსაკუთრებით, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან და მიანიშნებდნენ მათ შორის იმაზე, რომ თითქოს ქვეყანა აყალიბებს სოციალისტურ მოწყობას ახალი ჩანაწერებით.

სოციალური სახელმწიფოს პრინციპი არავითარ კავშირი არ არის არც მემარცხენე და არც მემარჯვენე პოლიტიკურ მიმართულებასთან. სოციალური სახელმწიფოს პრინციპი არის იდეოლოგიურად ნეიტრალური პრინციპი. უფრო მეტიც, მე შემიძლია მოგახსენოთ, რომ გერმანიაში პრაქტიკული განმტკიცება ამ პრინციპმა ჰპოვა სწორედ მემარჯვენეების მთავრობის პირობებში. ლუდვიგ ერჰარდი, მემარჯვენე პოლიტიკოსი, ქრისტიან-დემოკრატი იყო ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი იმ მიმართულების, რომლის საფუძველზეც მოხდა გერმანიაში სოციალური სახელმწიფოს პრინციპის ნორმატიული განმტკიცება.

სოციალური სახელმწიფოს პრინციპი ადგენს ერთგვარ პროგრამულ ვალდებულებას, სახელმწიფოსთვის ზოგად ვალდებულებას, რომ მან თავის თავზე აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა საკუთარი მოქალაქეების წინაშე. რაც შეეხება ნორმატიულ დატვირთვას, თეორიაში განმტკიცებულია მოსაზრება, რომ სოციალური სახელმწიფოს პრინციპს არ აქვს პირდაპირი იურიდიული დატვირთვა. როგორც უკვე აღვნიშნე, ის ადგენს სახელმწიფოს ზოგად პროგრამულ ვალდებულებას. თავისთავად, ამ ვალდებულების გაწერა, ბუნებრივია მნიშვნელოვანია კონსტიტუციის ძირითადი დებულებების განმამტკიცებელ თავში.

ცალკე სპეციალური მუხლი ჩნდება ეკონომიკური თავისუფლების შესახებ, რომლის თანახმად, ეკონომიკური თავისუფლება არის აღიარებული და უზრუნველყოფილი, სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე. ეს არის ძირითადი ჩანაწერები, რომლებიც ეხება ეკონომიკურ თავისუფლებას.

ეს ოთხი ფუნდამენტური პრინციპი – დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო, სოციალური სახელმწიფო და ეკონომიკური თავისუფლება არის უზრუნველყოფილი კონსტიტუციის პირველი თავის ცალკეული მუხლებით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესულ ცვლილება, რომელიც განხორციელდა საქართველოს კონსტიტუციაში.

რაც შეეხება კონსტიტუციის მეორე თავს, ადამიანის უფლებები არის, როგორც მოგეხსენებათ, გარანტირებული კონსტიტუციის მეორე თავით. აქ გვქონდა სხვადასხვა ტიპის ინიციატივები და მოსაზრებები. მთლიანობაში არის ამაღლებული ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი ახალი ჩანაწერებით, რომლებიც არის მოცემული მეორე თავში. ეს ეხება იგივე ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, თანასწორობის უფლებას და ა.შ.

თქვენთვის ალბათ ყველაზე საინტერესოა ის ჩანაწერები, რომლებიც ეხება ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს, საკუთრების უფლებას პირველ რიგში. აქ გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი დამატება, რომელიც ეხება მიწაზე საკუთრებას. ახალი ჩანაწერის თანახმად, მიწაზე, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლებას აწესრიგებს ორგანული კანონი.

ამასთან დაკავშირებით იყო სხვადასხვაგვარი მოსაზრებები, რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები მათ შორის. იყო ერთი რადიკალური მოსაზრება, რომელიც ითვალისწინებდა მიწაზე საკუთრების უფლების სრულ შეზღუდვას უცხოელთათვის და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის. იყო მეორე მოსაზრება, რომ საერთოდ არანაირი ფორმით არ ასახულიყო ეს საკითხი კონსტიტუციაში. ჩვენ წავედით მიდგომით, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანობაში საკითხის ჯეროვან მოწესრიგებას კანონმდებლობის დონეზე. ეს ჩანაწერი ერთი მხრივ არ ადგენს აბსოლუტურ აკრძალვას ასე ვთქვათ, მიწის გასხვისებასთან და სხვა ფორმით განკარგვასთან დაკავშირებით და მეორე მხრივ, იძლევა ამ საკითხის ორგანული კანონის დონეზე რეგლამენტაციის შესაძლებლობას.

იყო საკმაოდ რთული და აქტიური დისკუსია შრომის თავისუფლებასთან დაკავშირებით, იყო მოსაზრება, რომ გავრცობილიყო ამ უფლების ტექსტი. მთლიანობაში საერთო შედეგი ამ კუთხით, რაც შეეხება 26-ე მუხლს, არის ის, რომ ახალი, ასე ვთქვათ, უფრო მაღალი სტანდარტი რეალურად დაწესებული არ არის, თუმცა სტანდარტი არც დაწეულია.

რეალურად ვინარჩუნებთ ჩვენ შრომის თავისუფლების უზრუნველყოფის იმ დონეს, რომელიც აქამდეც იყო უზრუნველყოფილი. გვაქვს გარკვეული დამატებები, რომლებიც ეხება სოციალურ უფლებებს, მაგალითად ჯანდაცვის უფლების კუთხით დაწესებულია უფლების დაცვის სტანდარტი და ა.შ.

რაც შეეხება წმინდა პოლიტიკურ ნაწილს, ეს უკავშირდება პარლამენტს, პრეზიდენტს, მთავრობას, ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს, აქ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები.

რაც შეეხება პარლამენტის ნაწილს – ზოგადად არის ჩადებული ახალი გარანტიები, რომლებიც უზრუნველყოფს დაუშვათ ოპოზიციის უფრო აქტიურ მონაწილეობას საპარლამენტო ცხოვრებაში და ა.შ. და ამ კუთხით არის დახვეწილი კონსტიტუციის მესამე თავი.

მოგეხსენებათ, დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი ობიექტია საპარლამენტო არჩევნები და ჩვენ ასევე გვაქვს ფუნდამენტური ცვლილება. დღეს მოქმედებს შერეული სისტემა – პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემა, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით არის თავსებადი პრინციპებთან, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვდგამთ ნაბიჯს სხვა ტიპის სისტემისკენ და ეს არის არსებითად პროპორციული სისტემა.

მთავარი ამოსავალი წერტილი ამ ცვლილების გახლავთ ის, რომ წარსულში შერეულმა სისტემამ თავისი ნაკლოვანებები გამოავლინა. გვქონდა ორი ხელისუფლების შემთხვევა, როდესაც კონკრეტულმა ხელისუფლებებმა თავის თავზე მოირგეს კონსტიტუცია სწორედ იმ საარჩევნო სისტემის წყალობით და საარჩევნო სისტემის საფუძველზე მოპოვებული კონსტიტუციური უმრავლესობის წყალობით, რომელიც იყო დადგენილი მაშინ მოქმედი კონსტიტუციებით.

აქედან გამომდინარე, არის მიღებული გადაწყვეტილება, რომ განხორციელდეს ცვლილება, ჩანაცვლდეს არსებული შერეული სისტემა პროპორციული საარჩევნო სისტემით. მოგეხსენებათ, რომ ამ პროპორციულ სისტემას აქვს თავისი ელემენტები. ერთი ელემენტი არის ის, რომ უქმდება პარტიების ბლოკის ინსტიტუტი, რასაც ახლავს თავისი მყარი საფუძველი, ის რომ დღემდე საქართველოში არ არის ჩამოყალიბებული პარტიული სისტემა, დიდწილად არის ბლოკის „დამსახურება“.

ვიდრე საქართველოში იარსებებს ე.წ. ბლოკები, მანამდე იქნება ძალიან დაბალი მოტივაცია პარტიებს შორის, რომ ისინი გამსხვილდნენ, გაძლიერდნენ. მუდმივად გვექნება მერკანტილური გარიგებები პარტიულ სისტემაში, პოლიტიკურ სისტემაში და მუდმივად გვექნება ის მდგომარეობა, როდესაც ერთკაციან და ორკაციან ე.წ. პარტიებს ეწოდებათ პოლიტიკური პარტიები.

დღეს საქართველოში არის წარმოდგენილი 20 ე.წ. კვალიფიციური პარტია. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველოში 20 პარტია საერთოდ არ არსებობს და ეს ყველაფერი არის სწორედ იმის შედეგი, რომ საქართველოში მოქმედებს აბსოლუტურად არასწორი ინსტიტუტები და ერთ-ერთი უმთავრესი ამ კუთხით არის ბლოკის ინსტიტუტი, რომელიც პირდაპირ დაბრკოლებას უქმნის საქართველოში პარტიული სისტემის განვითრებას.

რაც შეეხება 5%-იან ბარიერს – დადგენილია, რომ არის აბსოლუტურად ლეგიტიმური და აპრობირებულია ასეთ სიმაღლეზე გავლებული ბარიერი ევროკავშირის ქვეყნებში.

10-ზე მეტი ქვეყანაა ევროკავშირში, სადაც დაწესებულია პარტიებისთვის, ხაზს ვუსვამ პარტიებისთვის და არა ბლოკებისთვის, 5%-იანი ბარიერი. აქედან გამომდინარე, რაც შეეხება ბლოკებს და 5%-იან ბარიერს, ეს მთლიანად თავსებადია ევროკავშირის პრაქტიკასთან.

გვაქვს მესამე ელემენტი, რომელიც არ არის ფართოდ გავრცელებული ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, თუმცა აპრობირებულია საბერძნეთსა და იტალიაში, ეს არის ე.წ. ბონუსის სისტემა, რომელიც გამარჯვებულ პარტიას აძლევს ერთგვარ ფორას სხვა პარტიებთან მიმართებით.

იტალიის შემთხვევაში, აბსოლუტურ უმრავლესობამდე 54%-მდე ევსება მანდატების რაოდენობა გამარჯვებულ პარტიას, საბერძნეთს რაც შეეხება, 17%-იანი ფორა აქვს იმთავითვე მინიჭებული გამარჯვებულ პოლიტიკურ სუბიექტს. ჩვენ შემთხვევაში, ეს ბონუსი არის უზრუნველყოფილი ბევრად უფრო რბილი ფორმით. საშუალო მაჩვენებელს თუ ავიღებთ, ბოლო 5 არჩევნების ბონუსი გამოდის 5%, ბოლო 4 არჩევნების შედეგს თუ ავიღებთ, საშუალოდ გამოდის 3.1%, საუბარია მინიმალურ ერთგვარ დანამატზე, რომელიც უზრუნველყოფს შედარებით მეტ, ასე ვთქვათ, სტაბილურობას პოლიტიკურ სისტემაში, საპარლამენტო ცხოვრებაში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი განსაკუთრებით, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სისტემა არის არამარტო უკეთესი იმაზე რაც დღეს არის წარმოდგენილი, არამედ ეს არის ჩვენი აზრით საუკეთესო ოპტიმალური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო ბალანსს ორ ძირითად ინტერესს შორის. ნებისმიერი საარჩევნო სისტემა ეფუძნება ორ ძირითად ინტერესს. ეს არის პლურალიზმი და ეს არის სტაბილურობის უზრუნველყოფა. მთავარია სათანადო ბალანსის დაცვა ამ ორ ინტერესს შორის და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ორი ინტერესი საუკეთესოდ არი დაცული სწორედ ამ საარჩევნო სისტემის პირობებში.

რაც შეეხება პრეზიდენტის ნაწილს. ჩვენ გვაქვს კომპეტენციების კუთხით უმნიშვნელო ცვლილებები. მხოლოდ ორ ნაწილში იცვლება, გადაისინჯება პრეზიდენტის კომპეტენციები. ერთი, უქმდება ეროვნული უშიშროების საბჭო, რაც ეფუძნება თავის დროზე ვენეციის კომისიის ექსპერტთა რეკომენდაციებს, ისინი პირდაპირ აცხადებდნენ 2010 წელს, რომ ამ სისტემასთან არანაირი საერთო არ ჰქონდა ეროვნული უშიშროების საბჭოს.

რეალურად, დღევანდელი მდგომარეობით, უშიშროების საბჭო რჩევას აძლევს პრეზიდენტს ისეთ საკითხებზე, რომელიც შედის მთავრობის კომპეტენციაში. ეს არის სრული აღრევა უფლებამოსილებების და აქედან გამომდინარე ამბობდნენ ვენეციის კომისიის ექსპერტები თავის დროზე, რომ არ იყო თავსებადი უშიშროების საბჭო მთლიან მმართველობის სისტემასთან.

და მეორე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის წესი. დღეს პრეზიდენტი წარადგენს მოსამართლეებს. და აქაც იგეგმება ამ უფლებამოსილების გადატანა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე და აქაც შავით თეთრზე ეწერა ვენეციის კომისიის 2010 წლის დასკვნაში, რომ უმჯობესი იყო ამ კომპეტენციის სწორედ ამ სახით მოწესრიგება.

რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, აქ განსაკუთრებით აქტიური დისკუსია წარიმართება. არის ერთგვარი მესიჯი, რომ ხალხს ერთმევა პრეზიდენტის არჩევის უფლება.

რეალურად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ახალი ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლას, ხელს შეუწყობს საქართველოში ჯანმრთელი, ოპტიმალური საპარლამენტო სისტემის ჩამოყალიბებას. არის უამრავი არგუმენტი, რომელიც მიუთითებს არაპირდაპირი არჩევის წესის უპირატესობაზე. ჩვენ ვერც ერთი მყარი კონტრარგუმენტი ვერ მოვისმინეთ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში. ამაზე მეტყველებს ასევე ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკა. იქ სადაც პრეზიდენტებს, სახელმწიფოს მეთაურებს არ ირჩევენ პირდაპირი წესით, არც ერთ ქვეყანაში დღემდე სისტემური პრობლემა არ წარმოქმნილა არც ერთ ასეთ ქვეყანაში.

მაშინ, როდესაც იქ, სადაც პრეზიდენტებს ირჩევენ პირდაპირი წესით, უმეტეს შემთხვევაში წარმოიქმნა სისტემური პრობლემები. ეს სისტემური პრობლემები არის სხვადასხვა სახის. ერთ-ერთი არის მაგალითად, ოდიოზური ფიგურების არჩევა ან თითქმის არჩევა პრეზიდენტის პოსტზე. არაერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მაგალითი ცხადყოფს ამას, როდესაც თუნდაც იგივე, ფაშისტური ორიენტაციის კანდიდატი კინაღამ აირჩიეს პრეზიდენტად. ასევე არაპროდასავლური ორიენტაციის პრეზიდენტები აირჩიეს ევროკავშირის ზოგ ქვეყანაში. ჩვენს უახლოეს სამეზობლოში და ა.შ. და არის უამრავი მაგალითი.

კიდევ ერთი პრობლემა არის კომპეტენციების აღრევის პრობლემა პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას, ანუ მთავრობას შორის. იქ, სადაც არის ძალიან დიდი დისპროპორცია პრეზიდენტის ლეგიტიმაციასა და მის უფლებამოსილებას შორის, ავტომატურად წარმოიშვება ხოლმე პრობლემები. ანუ, არის ძლიან მაღალი ლეგიტიმაცია, არის ძალიან შეზღუდული უფლებები და ეს დისპროპორცია თავისთავად აჩენს სისტემურ პრობლემებს. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ უპირატესობები აქვს ძალიან სერიოზული არაპირდაპირი არჩევის წესს. მით უმეტეს, საერთოდ წარმოუდგენელია ამ სისტემის პირობებში რაც გვაქვს დღეს და რაც იქნება ხვალ, როგორ უნდა წარიმართოს საპრეზიდენტო კამპანია. რა მესიჯებით უნდა გავიდნენ კანდიდატები საზოგადოებაში და ასეთი კამპანიით როგორ უნდა ავირჩიოთ ზეპარტიული პრეზიდენტი.

ჩვენ ყველამ ვიცით როგორ წარიმართება კამპანია. მილიონები იხარჯება კანდიდატებზე. მთელი პარტიული სტრუქტურები უნდა იყოს ჩართული, რომ გაამარჯვებინო შენს კანდიდატს და გარდა ამისა, კანდიდატებს უწევთ ერთმანეთის ძალიან მწვავე კრიტიკა, ერთმანეთის მხარდამჭერი პარტიების კრიტიკა. ასეთ პირობებში, ბუნებრივია წარმოუდგენელია ზეპარტიული პრეზიდენტის არჩევა.

ელემენტარულად რომ ვთქვათ, პროგრამაც კი ვერ ექნება პრეზიდენტს, რომელთან დაკავშირებითაც უნდა ესაუბროს ის საზოგადოებას. ეს ყველაფერი არის ის პრობლემები, რომელთა დაკავშირებითაც ჩვენ ვამახვილებდით ყურადღებას. ეს არის ძირითადი არგუმენტები. ამ არგუმენტების გამაბათილებელი კონტრარგუმენტები ჩვენ ვერცერთი ვერ მოვისმინეთ, აქედან გამომდინარე, დავრწმუნდით, რომ ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა სწორედ არაპირდაპირი არჩევის წესს.

მოწესრიგებულია ის მუხლები, რომლებიც შედის საქართველოს მთავრობის თავში. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი სუსტი მხარე კონსტიტუციის, რაც პირდაპირ იყო აღნიშნული ვენეციის კომისიის დასკვნაში. ძალიან ასუსტებდა ეს რეგულაციები საქართველოს პარლამენტს, რომელიც საპარლამენტო სისტემაში უნდა იყოს საკვანძო კონსტიტუციური ორგანო და ყველა ეს საკითხი არის დღეს სათანადოდ მოწესრიგებული

დარღვეული იყო ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, და ახალი რეგულაციები შეესაბამება პირველ რიგში სწორედ ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, რაც კომისიის ყველა წევრის მიერ იყო საყოველთაოდ აღიარებული.

სასამართლოს ნაწილში და პროკურატურის ნაწილში გვაქვს ასევე მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ცვლილებები. არის კონკრეტული რეგულაციები, რომლებიც უზრუნველყოფს მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უფრო მაღალ ხარისხს. მაგალითად, დადგენილია მოსამართლის შეუცვლელობის პრინციპი. დადგენილია, რომ სასამართლოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია არ შეიძლება გახდეს მოსამართლეების თანამდებობებიდან გათავისუფლების საფუძველი და თქვენ გახსოვთ, რომ იყო სხვანაირი პრაქტიკა წლების განმავლობაში და სწორედ ასეთი რეგულაციების არარსებობა აძლევდა ხელისუფლებებს მანიპულირებისა და თვითნებობის შესაძლებლობებს. ამის პრევენციას ემსახურება ის ახალი ნორმები, რომელიც არის წარმოდგენილი სასამართლო ხელისუფლების თავში.

ასევე პროკურატურა გამოიყოფა როგორც დამოუკიდებელი ორგანო, აღმასრულებელი ხელისუფლებიდან. ამ შემთხვევაში ამოცანა არის პროკურატურის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა.

ფინანსებთან და კონტროლთან დაკავშირებით, გვაქვს ცვლილებები. მათ შორის, იყო დისკუსია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება გადასახადებს და მოსაკრებლებს. ერთ-ერთი დისკუსიის საგანი იყო 94-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, მხოლოდ რეფერენდუმის გზით არის შესაძლებელი გადასახადების გაზრდა ან ახალი გადასახადების შემოღება.

იყო კომისიის კონკრეტულ წევრთა მხრიდან, რომ ამოღებულიყო ეს ჩანაწერი, თუმცა ჩვენ გვქონდა შემდეგ კონსულტაციები სხვადასხვა ფორმატში და საბოლოო ჯამში კომისიამ პარლამენტს წარუდგინა დოკუმენტი, რომელშიც შენარჩუნებულია მუხლი, რომელიც ეხება გადასახადების შემოღებას და ასევე გადასახადების გაზრდას. არის დახვეწილი გარკვეული რეგულაციები, ეროვნული ბანკის და აუდიტის სამსახურის რეკომენდაციით, მოწესრიგებულია საომარი და საგანგებო მდგომარეობის, ზოგადად, თავდაცვის საკითხები. ეს სფერო იყო აბსოლუტურად მოუწესრიგებელი მოქმედ კონსტიტუციაში და გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.
ადგილობრივ თვითმმართველობას რაც შეეხება არის ახალი სტანდარტები, ახალი გარანტიები დადგენილი ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ქარტიის შესაბამისად და დახვეწილია კონსტიტუციის გადასინჯვის წესი.

და ბოლო მუხლი შეეხება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციას. ჩადებულია ერთგვარი დავალება კონსტიტუციაში, რომლის თანახმადაც, ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ თავის უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღოს ყველა ზომა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ანუ, საგარეო პოლიტიკური განაცხადი არის უკვე გაწერილი კონსტიტუციის დონეზე.

ეს არის ის ძირითადი ცვლილებები., რომლებიც აისახა კონსტიტუციის ახალ რედაქციაში. საერთო მიზანი იყო ჯანსაღი საპარლამენტო დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება. ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, სადაც მოქმედებს ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო, ზეპარტიული პრეზიდენტი, ძლიერი პარტიული სისტემა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ყველა მიზანი ამ ახალი დოკუმენტით, იქნება სათანადოდ მიღწეული და უზრუნველყოფილი.

ეს იყო საერთო სულისკვეთება, საერთო ამოცანა და კიდევ ერთხელ, ჩვენ გვქონდა ორი ძირითადი ამოცანა დასახული, პარლამენტის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე. ერთი, ეს იყო კონსტიტუციის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან და ეს პრინციპები არის სათანადოდ დაცული კონსტიტუციის ახლანდელ რედაქციაში განსხვავებით მოქმედი რედაქციისგან, და მეორე, მთავარი ამოცანა იყო ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარებისათვის მყარი კონსტიტუციური საფუძვლის შექმნა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მეორე ამოცანაც არის სათანადოდ მიღწეული და დემოკრატიული სტაბილური მმართველობის სისტემის ჩამოყალიბება არის ის შედეგი, რომელსაც საბოლოოდ უზრუნველყოფს კონსტიტუციის ახალია რედაქცია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები