სოფიო ქაცარავა სტრასბურგში ორმხრივ შეხვედრებს მართავს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს აგრძელებს. სოფიო ქაცარავა და ირინე ფრუიძე დღეს ავსტრიის დელეგაციის ხელმძღვანელს, ჟიზელა ვურმს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სოფიო ქაცარავამ აღნიშნა, შეხვედრაზე ყურადღება გენდერულ საკითხებსა და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოზე გამახვილდა.
„გავაცანით, როგორ ვითარდება ჩვენს ქვეყანაში რეფორმები და განსაკუთრებული ყურადღება მან, თავის მხრივ, გენდერულ საკითხებზე გაამახვილა. მივაწოდეთ ინფორმაცია გენდერული თანასწორობის საბჭოს შესახებ და ასევე, კონკრეტული თანამშრომლობის გეგმაც დავსახეთ, განსაკუთრებით, სტამბულის კონვენციის რატიფიკაციის შემდგომ პერიოდთან, თუ როგორ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ ავსტრიის მხარესთან და გავიზიაროთ მათი გამოცდილება”, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
სოფიო ქაცარავას თქმით, ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელთან, როჯერ გეილთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
„მან განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. ჩვენ გავაცანით, თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებითაც, ასევე, ვისაუბრეთ მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესზე და ბრიტანეთის დელეგაციას სრული ინფორმაცია მივაწოდეთ”,- აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.
​შეხვედრას საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, ნინო გოგუაძე ესწრებოდა. პორტუგალიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, კარლოს ალბერტო გონსალვესთან გამართულ შეხვედრაზე საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
„ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების შესახებ და მათი მხრიდან გამოითქვა დიდი სურვილი, რომ მათ პარლამენტში ჩამოყალიბდეს საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი. ამაზე შევთანხმდით”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები