ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ნათია გედენიძის დაკითხვა დასრულდა – რა ჩვენება მისცა ფოტოგრაფმა სასამართლოს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ერთ-ერთი დაზარალებულის, ნათია გედენიძის დაკითხვა დასრულდა. გედენიძემ  კიდევ ერთხელ დეტალურად გაიხსენა 6 წლის წინ მისი დაკავების ფაქტი და ძალოვანი უწყებებისთვის იძულებით მიცემული ჩვენებები.
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს გედენიძემ განუცხადა, ბრალდებულის სკამზე მჯდომი პიროვნების ამოცნობა არ გასჭირვებია. მისი თქმით,  ბრალდებულს მის მიმართ კითხვა გაუჩნდა, რა შუაში იყო ის წაყენებულ ბრალდებასთან.
„არ გამჭირვებია ამომეცნო ბრალდებულის სკამზე მჯდომი პიროვნება –  დავით დევნოზაშვიული, რომელმაც ჩემი საკუთარი კომპიუტერიდან, რამდენად კანონიერად არ ვიცი, მაგრამ ამოიღო ჩემი პირადი ფოტო,  რომლის გასაჯაროებითაც მემუქრებოდა. რა შუაში ვარო, – ასეთი კითხვა გაუჩნდა ბრალდებულს ჩემ მიმართ. რას ჰქვია რა შუაშია?! მან მაჩვენა ჩემი  ფოტო, იგი მორალურად ზემოქმედებდა ჩემზე ფოტოს გამო – მეუბნებოდა, რომ არ ვიყავი დედა, არ ვიყავი ქალი და პატიოსანი ადამიანი“, – განაცხადა ნათია გედენიძემ.
საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფოტოგრაფების საქმის განხილვა ხვალ განახლდება და ნათია გედენიძის მეუღლე, საქმის კიდევ ერთ-ერთი დაზარალებული ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე დაიკითხება.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 7 ივლისს, შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯაშუშობის ბრალდებით, ღამის საათებში, საგანგებოდ ჩატარებული სპეცოპერაციის გზით, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, ევროპის პრესსააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ფოტორეპორტიორი, ირაკლი გედენიძე დააკავეს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე  2011 წლის 26 მაისის მოვლენებს აშუქებდნენ.
ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე პროკურატურამ შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით დევნოზაშვილი უფლებამოსილების გადამეტებისა და პირადი ღირსების შელახვის ბრალდებით დააკავა. იგივე საქმეზე, ანალოგიური ბრალი აქვს წაყენებული გლდანის მერვე დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს, რომელიც წითელი ცირკულარით იძებნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები