ბოლნისის მუნიციპალიტეტში 2017 წელს ტექნოცენტრის გახსნა იგეგმება

საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს წარმომადგენლებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. დავით შერაზადიშვილს სტუმრებმა ბოლნისში 2017 წელს ტექნოცენტრის გახსნასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია გააცნეს და ცენტრისთვის ფართის გამოყოფაზე ისაუბრეს.
საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ამოცანაა, ინოვაციებისთვის ინფრასტრუქტურა ყველა რეგიონში იყოს წარმოდგენილი. მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით, 2017 წელს საქართველოში 3 რეგიონალური ჰაბისა და 10 ტექნოცენტრის გახსნა იგეგმება. სააგენტოს წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, რამდენიმე შენობა დაათვალიერეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, უმოკლეს ვადაში მოხდება ფართის მოძიება და სტანდარტების შესაბამისად, ტექნიკითა და ავეჯით აღჭურვა.
ტექნოცენტრი არის სივრცე ინოვაციური, საინტერესო და კრეატიული იდეების განსახორციელებლად.
“საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტს, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ითვალისწინებს ინოვაციების ცენტრების გახსნას. ერთ-ერთ პრიორიტეტად შეირჩა ბოლნისის მუნიციპალიტეტი. ცენტრის მიზანი იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათ შორის ახალგაზრდებისთვის, ისეთი სერვისების შეთავაზება, რომლებიც შეუწყობს ხელს მათ, მიიღონ ცოდნა და ჩაერთონ ინოვაციურ აქტივობებში, ასევე, აიმაღლონ უნარ-ჩვევები, რაც საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. პროექტის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია სხვა კომპონენტებიც, კერძოდ, საგრანტო, კომპიუტერული წიგნიერების პროგრამები, აიტი სპეციალისტებისა და მეწარმეების გადამზადება“, – განაცხადა ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის კოორდინატორმა ბესარიონ აბულაძემ.
“2017 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი საინტერესო და საგანმანათლებლო სივრცე შეემატება. შევხვდი საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს წარმომადგენლებს. დეტალურად განვიხილეთ ბოლნისში ტექნოცენტრის გახსნის საკითხი. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას იმისათვის, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთ ლოკაციად შეარჩია. ვფქრობ, ტექნოცენტრის გახსნა ქალაქს ახალ სიცოცხლეს შესძენს და ჩვენს ახალგაზრდებს მიეცემათ უნიკალური შანსი ინოვაციური იდეების განსახორციელებლად“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები