ირაკლი სესიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანა. უმრავლესობის დეპუტატი ოპონენტებს ცილისწამებაში ადანაშაულებს. როგორც სესიაშვილმა პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, მისი მთავარი მიზანია საქმის დროული დასრულება და იმის დამტკიცება, რომ მისი შვილი უდანაშაულოა.
„ნაციონალური მოძრაობისთვის“ დამახასიათებელია სიცრუის და ტყუილების ტირაჟირება. ცილისწამება არის მათი პოლიტიკური სტრატეგია, თუმცა, ამ შემთხვევაში, ისინი უკვე შეეხნენ ჩემს ოჯახს. გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მტკიცებით ფორმაში განაცხადა, რომ თითქოს ჩემს შვილს დანაშაულთან ჰქონდა კავშირი და თითქოს სამართალდამცველებმა მიჩქმალეს აღნიშნული საქმე. მივმართავ პროკურატურას: ერთი მხრივ, ფაქტი გამოიძიონ, რომ საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს, გაიგონ, რომ ჩემს შვილს არ და ვერ ექნებოდა კავშირი ქურდობასთან და მეორე მხრივ, სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ ცრუ დასმენაზე. გამოიყვანეს ვინმე იოსელიანი, რომლის ყველაზე დიდი პოლიტიკური მიღწევაა, რომ ბოკუჩავას ქმარია და ამით არის ყველაფერი ნათქვამი“, – განაცხადა სესიაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, თბილისში მომხდარი ქურდობის სავარაუდო მონაწილე, შესაძლოა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი სესიაშვილის შვილი იყოს. მათი განცხადებით, უმრავლესობის დეპუტატის შვილის მიერ სუს-ში მუშაობის დასაწყებად წარდგენილი დოკუმენტაციიდან ამოღებული ნიმუში და ქურდობის ჩამდენის ხელის ანაბეჭდი იდენტურია.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც გამოეხმაურა. სუს-ი დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის შვილთან, დავით სესიაშვილთან დაკავშირებით რაიმე კანონდარღვევის გამოვლენას უარყოფს. როგორც სუს-ში აცხადებენ, დავით სესიაშვილის სამსახურში მიღებამდე, მისი კანდიდატურის შესწავლა კანონის სრული დაცვით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები