„რესპუბლიკური პარტია“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის პოლიტიკურ კონსულტაციებს მართავს

„რესპუბლიკელები“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადებიან და ამ მიზნით, შესაძლო პარტნიორებთან კონსულტაციებსაც მართავენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, პარტიის წარმომადგენელმა და საკრებულოს დეპუტატმა, დავით ზურაბიშვილმა დეტალები არ გაახმაურა. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, ამ დროისთვის ცნობილია ის, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ თბილისის მერის პოსტზე თავისი პარტიული კანდიდატი არ ეყოლება, ხოლო ვის გამოუცხადებენ მხარდაჭერას პარტიაში, ეს ჯერ ცნობილი არ არის.
„თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვემზადებით, მიდის კონსულტაციები, სხვადასხვა ვარიანტების გათვლა, თუმცა რაიმე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. წინა არჩევნებიდან დღემდე, რადიკალური ცვლილება მოსახლეობის განწყობაში არ არის, მაგრამ აშკარად სახეზეა, რომ მათ აქვთ იმედგაცრუება იმ არჩევანის გამო, რომელიც გააკეთეს 2016 წელს. რაღაცნაირად კვლავ მოხდა სიტუაციის იმგვარად წარმოჩენა, რომ თუ “ოცნებას” არ მიეცი ხმა, მობრუნდება „ნაციონალური მოძრაობა“ და დაგვმართებს უბედურებას. ამის გამო, ბევრმა სწორედ ამ შიშით დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“, მიუხედავად იმისა, რომ მათი მმართველობით კმაყოფილი არ ყოფილან.
დღეს უკვე ამ კარტის გათამაშება შეუძლებელია. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ამომრჩეველთა რაოდენობა ხუთმაგად და ათმაგად გაგვეზრდებოდა, თუმცა ბევრი რამ დამოკიდებულია წინასაარჩევნო კამპანიაზე, ჩვენს აქტიურობაზე და იმაზე, თუ როგორ შევძლებთ ამომრჩევლების მოზიდვას. თბილისის მერობის პარტიული კანდიდატი ჩვენ არ გვეყოლება, ვის დავუჭერთ მხარს და რა ფორმით, ეს მომავალში გამოჩნდება. თვითმმართველობის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და დიდწილად, განსაზღვრავს პოლიტიკურ ლანდშაფტს ქვეყანაში“, – აღნიშნა დავით ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები