ნათია გედენიძე: დავით დევნოზაშვილი მემუქრებოდა, რომ ჩემი ფოტო გახდებოდა საჯარო და აუცილებლად შერცხვებოდათ ჩემს შვილებს

“დავით დევნოზაშვილი მემუქრებოდა, რომ ჩემი ფოტო გახდებოდა საჯარო და აუცილებლად შერცხვებოდათ ჩემს შვილებს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ. ფოტოგრაფების საქმის ერთ-ერთმა დაზარალებულმა, ფოტოგრაფმა ნათია გედენიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განუცხადა.
გედენიძის თქმით, დევნოზაშვილმა მისგან აღიარებითი ჩვენება შანტაჟის გამოყენებით მიიღო.
„მზად ვარ, სასამართლოს ვუპასუხო ყველა იმ კითხვაზე, რომელიც მათ ექნებათ. მზად ვარ, დეტალურად ვისაუბრო იმ მორალურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, რომელიც ჩემ მიმართ კონტრდაზვერვის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, დავით დევზნოზაშვილმა განახორციელა და რომლითაც მან იძულებით მიიღო ჩემგან აღიარებითი ჩვენება. იგი მემუქრებოდა ჩემი პირადი კომპიუტერიდან ამოღებული ფოტოთი, რომელიც ჩემმა მეუღლემ გადამიღო. მემუქრებოდა, რომ ეს ფოტო გახდებოდა საჯარო და აუცილებლად შერცხვებოდათ ჩემს შვილებს“, – აღნიშნა ნათია გედენიძემ.
ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფოტოგრაფების საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მთავარი მოწმეები დაიკითხებიან. ამ წუთებში, სასამართლოს ჩვენებას საქმის ერთ-ერთი დაზარალებული ფოტოგრაფი ნათია გედენიძე აძლევს.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 7 ივლისს, შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯაშუშობის ბრალდებით, ღამის საათებში, საგანგებოდ ჩატარებული სპეცოპერაციის გზით, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, ევროპის პრესსააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ფოტორეპორტიორი, ირაკლი გედენიძე დააკავეს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე  2011 წლის 26 მაისის მოვლენებს აშუქებდნენ.
ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე პროკურატურამ შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით დევნოზაშვილი უფლებამოსილების გადამეტებისა და პირადი ღირსების შელახვის ბრალდებით დააკავა. იგივე საქმეზე ანალოგიური ბრალი აქვს წაყენებული გლდანის მერვე დაწესებულების ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს, რომელიც წითელი ცირკულარით იძებნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები