საქალაქო სასამართლოში ე.წ ფოტოგრაფების საქმის განხილვა მიმდინარეობს

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ე.წ ფოტოგრაფების საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მთავარი მოწმეები დაიკითხებიან. ამ წუთებში სასამართლოს ჩვენებას საქმის ერთ-ერთი დაზარალებული ფოტოგრაფი – ნათია გედენიძე აძლევს.
როგორც პროცესის დაწყებამდე გედენიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 2011 წელს მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და შანტაჟს კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი დავთ დევნოზაშვილი ახორციელებდა.
მისივე თქმით, დევნოზაშვილი მას პიკანტური ფოტოს შვილის სკოლაში გავრცელებით ემუქრებოდა. როგორც გედენიძე აცხადებს, სწორედ მსგავსი ტიპის შანტაჟის გამო აღიარა მან გამოგონილი ე.წ. ჯაშუშობის ბრალდება.
2011 წლის 7 ივლისს, შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯაშუშობის ბრალდებით, ღამის საათებში, საგანგებოდ ჩატარებული სპეცოპერაციის გზით, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, ევროპის პრესსააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ფოტორეპორტიორი  ირაკლი გედენიძე დააკავეს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე  2011 წლის 26 მაისის მოვლენებს აშუქებდნენ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე პროკურატურამ შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით დევნოზაშვილი უფლებამოსილების გადამეტებისა და პირადი ღირსების შელახვის ბრალდებით დააკავა. იგივე საქმეზე ანალოგიური ბრალი აქვს წაყენებული გლდანის მერვე დაწესებულების ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს, რომელიც წითელი ცირკულარით იძებნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები