მოსამართლეების შეურაცხყოფისთვის შესაძლოა, გარკვეული სანქციები დაწესდეს

​იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საზოგადოებასთან ერთად, აპირებს დაადგინოს, სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის. როგორც საბჭოს წევრმა, კახა სოფრომაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საჯარო სივრცეებში და მასმედიის საშუალებით მოსამართლეების პირადი შეურაცხყოფა გაისმა. მისი თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო რომელიმე მხარე ხშირად არათუ აკრიტიკებს მოსამართლეს, არამედ მისი და მისი ოჯახის შეურაცხყოფაზეც გადადის. სოფრომაძის თქმით, აუცილებელია დადგინდეს ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის და საჭიროების შემთხვევაში, მოსამართლეების შეურაცხმყოფ ადამიანებს გარკვეული სანქციები დაუწესდეთ.
„გვაქვს ინიციატივა იმისთვის, რომ გავარკვიოთ, სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის . თუ ამ საქმეზე რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს არ იქნება მხოლოდ მოსამართლეებისთვის, ეს ქვეყანაში ზოგადად დაამკვიდრებს პრაქტიკას და კულტურას, რომ ერთმანეთისგან გარჩეული იყოს გამოხატვის თავისუფლება და პიროვნების შეურაცხყოფა. საჭიროება ბოლო დროს მნიშვნელოვნად დადგა, რადგან საკმაოდ მასიური ხასიათი მიიღო მოსამართლეების ლანძღვამ. იმის გამო, რომ მოსამართლეს აქვს თმენის მაღალი ვალდებულება, მეტი დატვირთვა ინიციატივამ მოსამართლეების მიმართ მიიღო, თორემ ნებისმიერი პიროვნება უნდა იყოს ქვეყანაში დაცული წრეგადასული ლანძღვისაგან, მათ შორის ჟურნალისტი, პოლიტიკოსები და სხვები.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ერთი მხარე ყოველთვის უკმაყოფილოა, ამიტომ მათ არ აქვთ უფლება, პიროვნული შეურაცხყოფა მიაყენონ მოსამართლეს ან მის ოჯახს. კრიტიკა უნდა იყოს ჯანსაღი და არგუმენტირებული. ჩვენი ინიციატივა მოიცავს ამ პრობლემის წარმოჩენას. დავადგინოთ, რა არის კრიტიკა და რა არის ლანძღვა და თუ ლანძღვას მიმართავენ, შეიძლება გარკვეული სანქციები შეეხოთ მათ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პირდაპირი ვალდებულებაა, დაიცვას მოსამართლეები. ამ სტანდარტების შექმნაში მონაწილეობა საზოგადოებამ, ჟურნალისტებმა, პოლიტიკოსებმა უნდა მიიღონ. თუკი შეთანხმება იქნება მიღწეული, შეიძლება ვიფიქროთ საკანონმდებლო ინიციატივაზე. ეს იქნება საერთო შეთანხმების საგანი. თუ ამ ზღვარს დავადგენთ, მოვიფიქრებთ, რა შემაკავებელი ღონისძიებები შეიძლება იყოს “, – განაცხადა კახა სოფრომაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები