საქართველოსა და რუმინეთის მთავრობები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

საქართველოსა და რუმინეთის მთავრობები პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანზიტო და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ რუმინეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე აღინიშნა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პრესსამსახური იტყობინება, შეხვედრაზე ხაზი გაესვა თავდაცვის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სფეროებში თანამშრომლობის კუთხით არსებულ დინამიკას.
გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკულ და სატრანზიტო ურთიერთობებზე, ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებსა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ბიზნესწრეების დაახლოების მნიშვნელობაზე.
გაფართოებულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში, საქართველოში ეკონომიკური თანამშრომლობის საბჭოს სხდომა და ერთობლივი ბიზნესფორუმი გაიმართება.
ქართულმა მხარემ რუმინეთის მთავრობის წევრებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე ფართომასშტაბიანი რეფორმების დღის წესრიგი გააცნო და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მიზანი ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაციაა.
მხარეებმა ისაუბრეს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ თემებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ პრობლემებზე.
რუმინულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი და მიესალმა საქართველოს მიღწეულ პროგრესს, ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები