გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო და რუმინეთი წარმოადგენენ ბუნებრივ ხიდს ევროპასა და აზიას შორის

„საქართველო და რუმინეთი წარმოადგენს ბუნებრივ ხიდს ევროპასა და აზიას შორის“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან, სორინ გრინდეანუმთან შეხვედრის შემდეგ  განაცხადა.
საქართველოს და რუმინეთის პრემიერ-მინისტრებმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შედეგებზე ისაუბრეს.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მხარეებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, ურთიერთობების შემდგომი განვითარების შესახებ.
“საქართველო და რუმინეთი არიან უძველესი კულტურის ქვეყნები, რომლებიც გეოგრაფიულად არიან დაკავშირებულნი. შავი ზღვა გვიქმნის განსაკუთრებულ უპირატესობას და ხელს უწყობს თანამშრომლობის ფართო სპექტრის განვითარებას. საქართველო და რუმინეთი წარმოადგენს ბუნებრივ ხიდს ევროპასა და აზიას შორის. აქტიურად ვმუშაობთ ამ შესაძლებლობების განვითარებაზე. შესაბამისად, ჩვენი მიზანია სატრანსპორტო-ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და გამოყენება,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში რუმინეთის აქტიურ წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს ფართომასშტაბიან რეფორმებს, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.
“ჩვენ ვაგრძელებთ ფართომასშტაბიან რეფორმებს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, რათა ქვეყანაში დავნერგოთ საუკეთესო ევროპული სტანდარტები და ნორმები. თანდათანობით, ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების სიკეთეები ხელმისაწვდომი ხდება ჩვენი თითოეული მოქალაქისათვის. დღითიდღე უფრო და უფრო მეტი მცირე და საშუალო მეწარმე ინტერესდება ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტით,” – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საქართველო აქტიურად ემზადება „აღმოსავლეთ პარტნიორობის”სამიტისთვის, რომელიც 24 ნოემბერს გაიმართება ბრიუსელში. მანვე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო, პარტნიორების მხარდაჭერით, შეძლებს იმ საერთო მიზნების შესრულებას, რომლებსაც „აღმოსავლეთ პარტნიორობა” ითვალისწინებს.
საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის -სამხრეთ ოსეთის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები.
“ხაზი გაესვა 12 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში და 9 აპრილს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. არჩევნების უკანონობას, რომელიც წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მცდელობას, მოახდინოს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღისა და ადგილზე მიმდინარე ოკუპაციის ლეგიტიმაცია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა რუმინეთის მთავრობას აღნიშნულ არალეგიტიმურ და საშიშროების შემცველ ქმედებებზე რეაგირებისათვის და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას გავუსვა ხაზი. ვისაუბრეთ აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ.გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე, აგრეთვე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ პრობლემებზე,” – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები