თბილისში ქართველი შინდლერების პარკი მოეწყობა

თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარედ, ქართველი შინდლერების პარკი მოეწყობა. ქართველი შინდლერების პარკის პროექტის პრეზენტაცია „ისრაელის სახლში“ ხვალ გაიმართება. ღონისძიება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს მიეძღვნება, რომელიც წელს 24-25 აპრილს აღინიშნება.
პარკი თბილისში „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის იციკ მოშეს,  დედაქალაქის მერიისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მოეწყობა.
პროექტის მიხედვით, დაიდგმება იერუსალიმის ორი ქვა, რომელთაგან ერთზე ამოტვიფრული იქნება ისრაელის იად ვა-შემის მემორიალური მუზეუმის მიერ ოფიციალურად აღიარებული სერგი მეტრეველის სახელი და გვარი, ხოლო მეორეზე – სხვა ქართველი შინდლერების, გრიგოლ ფერაძის, მიხეილ კედიასა და საბა კლდიაშვილის სახელები და გვარები.
ქართველი შინდლერების პარკი შევა ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტში, რომელსაც წელს ზაფხულიდან, ევროსაბჭოს ეგიდით, „ისრაელის სახლი“ განახორციელებს.
პრეზენტაციას დაესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაცია „ევროპული ალიანსი ისრაელისთვის“ ხელმძღვანელობა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და ორგანიზაცია „ჯოინთის“ წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე გაიმართება იერუსალიმის ჰოლოკოსტის მუზეუმის მიერ მართლად შერაცხული სერგი მეტრეველის შესახებ ისრაელის სახლის ინიციატივითა და ქნესეთის მხარდაჭერით მომზადებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება.
დაგეგმილია აგრეთვე, „ისრაელის სახლის“ მიერ მომზადებული, მთავრობებისთვის ისრაელ-საქართველოს 2017 წლის თანამშრომლობის გეგმა/შეთავაზების პრეზენტაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები