“საქართველომ რუსეთთან მკაფიოდ უნდა თქვას, რომ არის წითელი ხაზები, რომელსაც ჩვენ არ გადავალთ და არ დავთმობთ”

„ოკუპირებულ აფხაზეთში სერგეი ლავროვის ვიზიტით რუსეთმა კიდევ ერთხელ დემონსტრაციულად აჩვენა, რომ ის ჩვენი ძირძველი მიწების მიმართ პოზიციების შეცვლას არ აპირებს“, – აღნიშნული განცხადება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, გია გვაზავამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
​მისი თქმით, რუსეთის მხრიდან აფხაზეთში საელჩოს ოფიციალური გახსნა ძალის დემონსტრირება და იმის ხაზგასმა იყო, რომ საქართველოსთან მიმართებაში ის პოზიციის შეცვლას არ აპირებს. თუმცა, ამის მიუხედავად, გვაზავა მიიჩნევს, რომ რუსეთისა და საქართველოს პირველ პირებს შორის დიალოგი უნდა შედგეს.
„რუსეთს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში არანაირი პოლიტიკა არ შეუცვლია. საელჩო მანამდეც იყო იქ, მას ერთ-ერთ შენობაში რამდენიმე ოთახი ეკავა, მაგრამ რუსეთმა ლავროვის ვიზიტით ძალის დემონსტრირება მოახდინა. რუსეთი არც ერთ ნაბიჯს უკან არ დგამს. ის თავის გზიდან არ გადაუხვევს და ეცდება, მოსყიდვის გზით, სხვა ქვეყნებთანაც მიაღწიოს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას, თუმცა ამას ჯერ ფართო ხასიათი არ მისცემია. რუსეთისა და საქართველოს პირველი პირები, რა თქმა უნდა, ერთმანეთს უნდა შეხვდნენ, მაგრამ საქართველომ მკაფიოდ უნდა თქვას, რომ არის წითელი ხაზები, რომელსაც ჩვენ არ გადავალთ. ყოველთვის მკაფიოდ უნდა ჩანდეს ყველა დონეზე საქართველოს პრინციპული პოზიცია. ეს საკითხი დღეს მკაფიოდ არ ისმის, ცოტა შესუსტებულია ამაზე საუბარი. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ეს საკითხი ყველა დონეზე მუდმივად ისმოდეს“,- აღნიშნა გია გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები