აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში ლავროვის ვიზიტს ეხმაურება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და მთავრობა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სოხუმში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა კრემლის აგრესიული პოლიტიკის მორიგ გამოვლენას წარმოადგენს.
მათივე თქმით, ამით ოკუპანტი ქვეყანა, მისი პირველი დიპლომატის სახით, კიდევ ერთხელ უპირისპირდება და დემონსტრაციულად იგნორირებს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ ნორმებს.
„ამ ნორმების უხეში დარღვევაა ოკუპაციის ერთ-ერთი სიმბოლოს ე.წ. საელჩოს ახალი შენობის გახსნაც. იმავდროულად, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ს. ლავროვის ამჟამინდელი გასეირნება სოხუმის ქუჩებში, რომელიც ველური მეთოდებით განხორციელებული ეთნოწმენდა- გენოციდის შედეგად ჯვარცმული ათეულ ათასობით ადამიანის სისხლითა და ცრემლით არის მორწყული, წინააღმდეგობაში მოდის არა მხოლოდ საერთაშორისო სამართალთან, არამედ ქრისტიანულ მორალთან და ადამიანურობასთან.
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ აფხაზეთში სერგეი ლავროვის ჩასვლის მიზნებთან დაკავშირებით მოსკოვში გავრცელებული ოფიციალური ვერსია სრულ სიმართლეს არ შეეფერება. როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, კრემლის ესოდენ მაღალი რანგის წარმომადგენელი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ორდღიანი ვიზიტისთვის იცლის იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობები უკიდურესად დაძაბულია და შექმნილი ფეთქებადსაშიში მდგომარეობა მისგან სერიოზულ დიპლომატიურ ძალისხმევას მოითხოვს. ასეთ ვითარებაში, „პრიორიტეტულ მიმართულებად“ ოკუპირებული აფხაზეთის შერჩევა და იქ კრემლის ემისრის მივლინება შემთხვევით არ მომხდარა. აღნიშნული ნაბიჯი წარმოადგენს ცივილიზებული სამყაროსაგან ფაქტობრივად იზოლირებული, მკაცრი ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციების ქვეშ მყოფი რუსეთის მიერ ძალის დემონსტრირების მცდელობას. ეს არის თავისებური გზავნილი, თუ გნებავთ, მუქარა ბოლო პერიოდში დიპლომატიური და სამხედრო თვალსაზრისით გააქტიურებული ამერიკის შეერთებული შტატების, მთლიანად ევროატლანტიკური გაერთიანების მიმართ. ამ გზავნილით თუ მუქარით მოსკოვი ნატოს წინაშე ახდენს შავ ზღვაზე დომინირების დემონსტრირებას და აფრთხილებს მას, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან, მით უმეტეს ევროპასთან საკმაოდ ახლოს, გარდა მის მიერ ანექსირებული ყირიმისა, იგი ფლობს ასევე მის მიერვე ოკუპირებულ აფხაზეთს იქ განლაგებული მძლავრი სამხედრო ბაზითა და ე. წ. ერთიანი სამხედრო დაჯგუფებით. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ აღნიშნული ბაზა და „დაჯგუფება“ მუდმივად ივსება ცოცხალი ძალითა და თანამედროვე სტრატეგიული შეიარაღებით. არსებული ინფორმაციის თანახმად, ასეთი შევსება ს. ლავროვის ვიზიტის მიმდინარეობის პარალელურადაც ხორციელდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და მთავრობა, გამოხატავს რა პროტესტს სერგეი ლავროვის სოხუმში ვიზიტთან დაკავშირებით, მკაცრად გმობს ოკუპირებული აფხაზეთის გამალებული მილიტარიზაციის, მცოცავი ანექსიისა და ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, გენოციდის დაკანონების კრემლისეულ პოლიტიკას, მოუწოდებს თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, დაგმონ რუსეთის პოლიტიკა აფხაზეთთან მიმართებაში და მოითხოვონ მისი დეოკუპაცია. მიმართავს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიას, კომპლექსურად განიხილოს ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარება.
მიესალმება საერთაშორისო არენაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიურობას ოკუპირებული რეგიონების პრობლემატიკასთან დაკავშირებით და სთხოვს, მას განაგრძოს ძალისხმევა, რათა აფხაზეთის დეოკუპაციის საკითხი ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით დაწესებული სანქციების კონტექსტში საერთაშორისო ორგანიზაციების მუდმივი განხილვის საგნად იქცეს.
სთხოვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, განიხილოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული რუსული სამხედრო ბაზებისა და ე. წ. გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულებების გაუქმების მიზნით საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების შესაძლო გამოყენების საკითხი“, -ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები