ნიუ-დელიში ჩატარებულ სამიტში შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი მონაწილეობდა
ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიის (ICID) ორგანიზებით, ინდოეთში, 24-25 ივნისს, გლობალური ირიგაციის სამიტი 2026 გაიმართა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წლევანდელი მაღალი დონის ღონისძიების მთავარ თემას „ჭკვიანი ირიგაციის მართვა“ წარმოადგენდა.
ნიუ-დელიში ჩატარებულ სამიტში შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი მონაწილეობდა.
გლობალური სამიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის დიალოგი დაეთმო ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობას ტრადიციული საირიგაციო სისტემებიდან მაღალტექნოლოგიურ მოდელებზე გადასასვლელად.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანმა სპეციალისტებმა ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს და სარწყავი სისტემების განვითარებაზე და მოდერნიზაციის სტრატეგიებზე იმსჯელეს.
შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კონცეფციაზე _ „ინფრასტრუქტურიდან ინტელექტამდე“ (SCADA და ავტომატიზაცია). ექსპერტებმა სიღრმისეულად განიხილეს, თუ როგორ აუმჯობესებს წყლის რესურსების ეფექტიან კონტროლს ინტეგრირებული საირიგაციო გადაწყვეტილებები, ჭკვიანი სატუმბი პროექტები და SCADA-ს ტიპის ავტომატიზებული მონაცემთა მონიტორინგი.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიის (ICID) ოფიციალური წევრი 2018 წელს გახდა. საერთაშორისო კომისია 1950 წელს დაარსდა და 110 წევრ ქვეყანას აერთიანებს; კომისიის მისია, წყლისა და მიწის პროდუქტიულობის ამაღლების გზით, მსოფლიოში სურსათისა და კულტურების წარმოების გაზრდაა.
მსგავსი ფორმატის სამიტი საუკეთესო პლატფორმაა მსოფლიო გამოცდილების გაზიარებისთვის.
სამიტს, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორთან, გიგლა თამაზაშვილთან ერთად, დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და საერთაშორისო პროექტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ ჯალიაშვილი ესწრებოდა.