ირაკლი კობახიძე  – 2025 წელს საშუალო ხელფასმა შეადგინა 2 283 ლარი, 2020 წელს საშუალო ხელფასი იყო 1191 ლარი და 5 წლის თავზე საშუალო ხელფასი გაორმაგებულია, ესეც არის კიდევ ერთი უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე

გასულის წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში  გაიზარდა საშუალო ხელფასი. თუ 2024 წელს საშუალო ხელფასი იყო 1971 ლარი, 2025 წელს საშუალო ხელფასმა შეადგინა 2 283 ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ 1 წლის განმავლობაში საშუალო ხელფასი გაიზარდა 312 ლარით, რაც ასევე არის საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელი.
„მინდა შეგახსენოთ, რომ 2020 წელს საშუალო ხელფასი იყო 1191 ლარი და 5 წლის თავზე საშუალო ხელფასი გაორმაგებულია. ესეც არის კიდევ ერთი უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ერთმანეთს შევადაროთ საშუალო ხელფასის ზრდა და ინფლაციის მაჩვენებლები. რომ ავიღო ბოლო 3 წლის მაჩვენებლები, ამ პერიოდის განმავლობაში, სამომხმარებლო ფასები საქართველოში გაიზარდა 6.4%-ით. უშუალოდ ფასები სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე 3 წელიწადში გაიზარდა 9.7%-ით. იგივე პერიოდში მოსახლეობის საშუალო ხელფასი გაიზარდა 47.9%-ით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ინფლაციის ოპტიმალური მაჩვენებელი და ამასთან ერთად, საშუალო ხელფასის ზრდა ამ 3 წლის განმავლობაში 7.5-ჯერ ასწრებდა ინფლაციას, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, ეკონომიკურ ზრდას ფასი არ აქვს, თუ არის ჭარბი ინფლაცია. ამ შემთხვევაში ეს მონაცემები პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ საშუალო ხელფასის ზრდა 7.5-ჯერ ასწრებდა ინფლაციას”, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები