ციხელაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული სასაფლაოების პრობლემაზე: ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსახლეობისთვის შექმნილ ხელოვნურ ბარიერებთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ისინი საკითხს რეგულარულად აყენებენ საერთაშორისო ასპარეზზე.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხრიდან ამ საკითხზე გამოხმაურება არ ყოფილა, ისინი მაინც აქტიურად გააგრძელებენ ამ საკითხზე მუშაობას.
„ამ საკითხს ჩვენ ვაყენებთ რეგულარულად როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების, ისე ინციდენტების პრევენცია და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აქამდე ამ მიმართულებით არ გვქონია მეორე მხარის მხრიდან გამოხმაურება, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას, იმიტომ რომ ეს არის წმინდად ჰუმანიტარული საკითხი და ყოველგვარი პოლიტიზირების გარეშე არის მისი გადაწყვეტა შესაძლებელი,“ – განაცხადა ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეულ სასაფლაოებზე მოსახლეობა გასვლას ვერ ახერხებს.