ირაკლი კობახიძე: კონკრეტული სუბიექტები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი, ცდილობდნენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენას

კონკრეტული სუბიექტები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი, ცდილობდნენ პოლიტიკური გავლენის მოხდენას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, „რუსთავი 2“-ის წარმომადგენლებმა სტრასბურგში შესაბამისი წერილებიც გაგზავნეს.
“იყო კონკრეტული ნიშნები იმისა, რომ კონკრეტული სუბიექტები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და სხვა სუბიექტები, ცდილობდნენ პოლიტიკური გავლენის მოხდენას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. შესაბამისი წერილებიც გააგზავნეს სტრასბურგის სასამართლოში და ბუნებრივია, ეს იყო პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობა და ბუნებრივია, ამ გავლენის ქვეშ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური, თუმცა მიზანი იყო პოლიტიკური გავლენის მოხდენა”, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტიც პოლიტიკური გავლენის მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს თუ არა, კობახიძე პასუხობს, რომ “საგარეო საქმეთა მინისტრს წერილი არ მიუწერია, ჩავიდა სტრასბურგში და არა სტრასბურგის სასამართლოში”.
კობახიძის თქმით, მიხეილ ჯანელიძის ვიზიტის მიზნების თაობაზე მმართველი გუნდის მხრიდან კომენტარები უკვე გაკეთდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები