გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი და ხელშესახები შედეგები ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე

“საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი და ხელშესახები შედეგები ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში, ნატოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მადლობა მინდა გადავუხადო ფორუმის ორგანიზატორებს – ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს და მის აპარატს, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილებასა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისს და მის ხელმძღვანელს დღევანდელი ფორუმის ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საკითხზე მიმდინარეობს საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი და მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობა პროცესში, რაც, თავის მხრივ, საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, სახალხო დიპლომატიის ფორუმის ფორმატი იძლევა შესაძლებლობას, რომ განვიხილოთ ახალი გამოწვევები და სტრატეგიები, ერთმანეთს გავუზიაროთ საუკეთესო პრაქტიკა და შევაჯამოთ შედეგები. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები და მასშტაბები, რომელთა წინაშეც დადგა მსოფლიო, ალიანსის წევრებისა და პარტნიორებისგან მოითხოვს სტრატეგიული კომუნიკაციის გაუმჯობესებას.
„ეს არის ეფექტიანი ბრძოლის საშუალება ევროატლანტიკურ სივრცეში და მის საზღვრებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად. ამიტომაც იქცა სტრატეგიული კომუნიკაცია ჩვენი პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ 26-29 მაისს საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ტარდება და ამავე ღონისძიებაზე ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი იგეგმება. ჩვენ ამას მივიჩნევთ ნატოს ურყევ მხარდაჭერად საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები