ბოლნისში 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს

ბოლნისში 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს. ამ დღესთან დაკავშირებით საზოგადოება ტრადიციულად კულტურისა და დასვენების პარკში, 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბა.
,,თავისუფლება შენ, თავისუფლება მე…“-ასე ერქვა კომპოზიციას, რომელშიც ბავშვთა თეატრის ,,საზღაპარეთის“ მსახიობები და კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი ,,სიონი“ იღებდა მონაწილეობას. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ბოლნისის სიონის ტაძრის მოძღვარმა მამა თეოდორემ 9 აპრილს დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი ესწრებოდა.
,,სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის ისტორიას ახსოვს ძალიან ბევრი ტკივილიანი პერიოდი და ჩვენი უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დღე არის 9 აპრილი, როცა ჩვენმა მეზობელმა, ოკუპანტმა ქვეყანამ, ცოდვის კალო დაატრიალა დედაქალაქში. ჩვენ გვსჯიდნენ ყოველთვის იმისთვის, რომ ქვეყანა ისწრაფვოდა თავისუფლებისაკენ, ამიტომ ვიცავდით ენას, მამულსა და სარწმუნოებას. ზუსტად ამის გამო იყო ჩვენს მიმართ გაცხოველებული ინტერესი, მაგრამ ჩვენი მამულიშვილები და პატრიოტი ადამიანები ღირსეულად უმკლავდებოდნენ ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს. 9 აპრილი იყო ერთ-ერთი დიდი დასტური იმისა, თუ რაოდენ დიდია ქართველ ადამიანში სამშობლოსადმი სიყვარული. ვფიქრობ, რომ ეს დღე არის როგორც ტრაგიკული, ასევე ბედნიერების საწყისიც, ვინაიდან 9 აპრილის 2 წლისთავზე საქართველომ დამოუკიდებლობის დღე გამოაცხადა“-, განაცხადა გამგებლის პირველმა მოადგილემ ვალენტინა ნავერიანმა.
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის სადამსჯელო რაზმმა რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია. იმ ღამეს 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უმეტესობა ქალები და სკოლის მოსწავლეები იყვნენ. 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, 9 აპრილს მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის გაფორმება შესაბამისი აქტით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები