ალექსანდრე ჯეჯელავა ე.წ. რეფერენდუმზე: ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტით უნდა შევეწინააღმდეგოთ რუსეთს

ჩვენ ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტით უნდა შევეწინააღმდეგოთ რუსეთის ამ მცდელობას, – ეს განცხადება საქართველოს განათლების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე ე.წ. რეფერენდუმზე საუბრისას გააკეთა და ფაქტი ანექსიის მცდელობად შეაფასა.
ჯეჯელავას თქმით, საქართველო პრობლემის ძალისმიერ მოგვარებას ემიჯნება, თუმცა აღნიშნავს, რომ უნდა მოხდეს სხვა ყველანაირი პოლიტიკური ინსტრუმენტის ამოქმედება, რომელშიც ჩართული იქნებიან საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები.
„ჩვენი ბრძოლის ინსტრუმენტები ცალსახად არის პოლიტიკური. რა თქმა უნდა, ჩვენ პრობლემის ძალოვანი მეთოდით მოგვარებას ვემიჯნებით და შესაბამისად, ეს იქნება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა, რომ დაიგმოს ყოველგვარი ნაბიჯი, მიმართული საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ეს არის მცდელობა ანექსიის მიმართულებით და ჩვენ ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტით უნდა შევეწინააღმდეგოთ რუსეთის ამ მცდელობას“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ოკუპირებულ ცხინვალში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და ე.წ. რეფერენდუმი იმართება. ე.წ. რეფერენდუმზე უნდა გადაწყდეს, ეწოდება თუ არა „სამხრეთ ოსეთს“ „სახელმწიფო ალანია“.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს: „მოქმედი პრეზიდენტი“ ლეონიდ თიბილოვი, ე.წ. პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი და ადგილობრივი „კაგებე“-ს თანამშრომელი ალან გაგლოევი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები