გიორგი კახიანი: პრეზიდენტს კონსტიტუციური სტატუსი ავალდებულებს, არ იწვევდეს დაპირისპირებას

„კონსტიტუციური სტატუსი ავალდებულებს პრეზიდენტს, დადგეს პოლიტიკურ პროცესებზე მაღლა და თვითონ კი არ იწვევდეს დაპირისპირებას“, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა პარლამენტში უმრავლესობის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტისადმი მიმართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება ინსტიტუტების წარმატებულ ფუნქციონირებაზე არის დამოკიდებული.
კახიანის განმარტებით, უმნიშვნელოვანესია პრეზიდენტის როლი, როგორც სახელმწიფოს მეთაურის, ქვეყნის ერთიანობის და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტის.
”პრეზიდენტის გამოსვლისას, აქ იმყოფებოდნენ ხელისუფლების სამივე განშტოების წარმომადგენლები. ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება ამ ინსტიტუტების წარმატებულ ფუნქციონირებაზე არის დამოკიდებული. ამ სისტემაში უმნიშვნელოვანესია პრეზიდენტის როლი, როგორც სახელმწიფოს მეთაურის, ქვეყნის ერთიანობის და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტის. კონსტიტუციური სტატუსი ავალდებულებს პრეზიდენტს, დადგეს პოლიტიკურ პროცესებზე მაღლა და თვითონ კი არ იწვევდეს დაპირისპირებას, არამედ არბიტრის ფუნქციიდან გამომდინარე, პოლიტიკური კრიზისების ან კონფლიქტების შემთხვევაში, ანეიტრალებდეს მათ.
არ შეიძლება ინსტიტუციათა კინკლაობა პოლიტიკური დივიდენდების მოხვეჭის საშუალებად ვაქციოთ. ეს შეიძლება პოლიტიკური შედეგის მომტანი იყოს ვინმესთვის, მაგრამ დამაზიანებელია სახელმწიფოსთვის”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
ამასთან, უმრავლესობის დეპუტატმა მწუხარება გამოთქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ იღებს მონაწილეობას საკონსტიტუციო განხილვებში.

”საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს და მე გამოვყოფდი კონსტიტუციურ რეფორმას. მწუხარებას გამოვთქვამ, რომ ამ პროცესში არ იღებს მონაწილეობას პრეზიდენტი.
პრეზიდენტს შეეძლო მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა ამ პროცესში. სამწუხაროა, რომ ის დაპირისპირების ფონი, რომელიც ამ ბოლო პერიოდში პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის იგრძნობოდა,  ჩემი აზრით, სწორედ არასწორი გადაწყვეტილების შედეგია, რაც გამოიხატებოდა უარით კონსტიტუციური რეფორმის პროცესში მონაწილეობაზე. ამას, ბუნებრივია, უარყოფითი შედეგები ჰქონდა.
როდესაც საუბრობთ, რომ არ მოგისმენიათ არგუმენტები, რატომ უნდა ჩატარდეს პრეზიდენტის არჩევნები პირდაპირი ან არაპირდაპირი წესით, ასეთ არგუმენტებს ბუნებრივია, ვერ მოისმენდით, თუ თქვენი წარმომადგენელი არ მობრძანდება საკონსტიტუციო კომისიაში. ამ არგუმენტებზე საათობით არის საკონსტიტუციო კომისიაში საუბარი”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები