ევროკავშირში წელს მობილურ სატელეფონო კავშირზე როუმინგი უფასო ხდება

2017 წლის 15 ივნისიდან ევროკავშირის ქვეყნებში მობილურ სატელეფონო კავშირზე როუმინგი უფასო ხდება. ეს გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა მიიღო. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.
ევროკავშირში მოქმედი მობილური ოპერატორების მომხმარებლებისთვის მობილური კომუნიკაციის საფასური საკუთარ ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ, ევროკავშირის საზღვრებში ერთნაირი იქნება. ევროპარლამენტმა საბოლოოდ დაუჭირა მხარი დადგენილებას, ევროკავშირის ფარგლებში როუმინგულ მომსახურებაზე დამატებითი გადასახადის გაუქმების შესახებ.
ერთიანი ტარიფი ასევე შეეხება მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს და მობილურ ინტერნეტს.
მანამდე, ევროპარლამენტმა მიიღო დადგენილება ევროკავშირში მობილურ კომუნიკაციაზე ზღვრული ტარიფების დაწესების შესახებ, რომელიც 2016 წლის 30 აპრილიდან ამოქმედდა. ევროკავშირის ფარგლებში სატელეფონო ზარის ღირებულება წუთში 5 ცენტს არ უნდა აღემატებოდეს, მოკლე ტექსტური შეტყობინება – 2 ცენტს, ერთი მეგაბაიტი მობილური ინტერნეტის ღირებულება კი ხუთ ცენტს. თუმცა, მობილურ ოპერატორს აქვს უფლება, აღნიშნული ფასით სატელეფონო ზარის მაქსიმალური ხანგრძლივობა და იაფი მოკლე ტექსტური შეტყობინებების მაქსიმალური რაოდენობა დაადგინოს.
ამასთან, დადგენილია ზღვრული ფასებიც, თუ რა ოდენობის თანხა შეუძლიათ მოსთხოვონ ოპერატორებმა ერთმანეთს ანგარიშსწორებისას.
ევროპარლამენტში კენჭისყრისას დადგენილებას მხარი 549 დეპუტატმა დაუჭირა, 27 წინააღმდეგ წავიდა, 50-მა კი თავი შეიკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები