გიორგი მარგველაშვილი: უნდა ამიხსნან რატომ მიცვლიან 25-წლიან ტრადიციას

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა კამპანიის – “კონსტიტუცია ყველასია”  ფარგლებში, დღეს შეხვედრა ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართა.
საპრეზიდენტო კამპანია კონსტიტუციის დამტკიცებამდე, ცვლილებების განხილვის პროცესში, საერთო სახალხო ჩართულობის უზრუნველყოფას და საკონსტიტუციო რეფორმის ძირითად საკითხებზე დისკუსიას ითვალისწინებს.
საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციის, როგორც ქვეყნის უმთავრესი და ჩარჩო კანონის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონსტიტუცია უპირველესად, თავისუფალი მოქალაქეების თავისუფალი განწყობების თანხმობის დოკუმენტია, რომელშიც უნდა ჩაიწეროს, როგორი ცხოვრების წესი გვსურს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კონსტიტუციური რეფორმების პროცესში უმთავრესია, რომ ქვეყნის ყველა მოქალაქე იყოს ჩართული და სწორედ მათი სურვილების და ნააზრევის საფუძველზე, შეიქმნას მთავარი დოკუმენტი უკვე იურისტების მიერ.
პრეზიდენტის განცხადებით, დისკუსიაში გამოითქმება განსხვავებული აზრი და სწორედ განსხვავებულ აზრთა ჭიდილში უნდა შეჯერდნენ დისკუსიის მონაწილეები და ამგვარად შეიქმნას კონსტიტუცია.
“მე მომხრე ვარ კონსტიტუციური კანონების პატივისცემის და იმგვარი კონსტიტუციის, რომელშიც ჩვენი ხალხის სულისკვეთება იქნება ასახული”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას.
პრეზიდენტმა კონსტიტუციაში ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის, თვითმმართველობების გაძლიერების, უფასო განათლების, სოციალური დაცვის გარანტიების ზრდის საკითხების შესახებ ისაუბრა.
გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტების შეკითხვის საპასუხოდ, კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ  მას აინტერესებს იმ ადამიანების არგუმენტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პირდაპირი არჩევის წესი უნდა შეიცვალოს.
“საქართველოში ჩამოყალიბდა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის 25-წლიანი პოლიტიკური ტრადიცია. ვინც ცვლის ამ კანონს, მათ აუცილებლად უნდა ამიხსნან, რატომ მიცვლიან ამ ტრადიციას, რატომ იქნება ეს იმაზე უკეთესი ჩვეულებრივი ადამიანებისათვის.
მე მხარს არ ვუჭერ ხალხისათვის პრეზიდენტის არჩევის უფლების წართმევას. ჩემი ბერკეტი სწორედ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მოსაზრებაა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც, იმედი მაქვს, გავაგონებ საკონსტიტუციო კომისიას”,  – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თვითმმართველობის მნიშვნელობის, მისი გაძლიერების შესახებ ისაუბრა და სტუდენტებს და პროფესურას მოუწოდა, ჩაერთონ იმ პროცესებში, რაც მათ გარშემო მიმდინარეობს და მათი კომპეტენტური და აკადემიური აზრი გააცნონ მოსახლეობას.
გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და მათი მოსაზრებები მოისმინა. საქართველოს პრეზიდენტმა, სტუდენტებთან შეხვედრაზე, ხვალინდელი საპარლამენტო გამოსვლის შინაარსზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ყურადღებას განათლების, ეკონომიკის, ასევე,  თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებულ და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე გაამახვილებს.
საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისის უნივერსიტეტში პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და მრჩევლებთან ერთად იმყოფებოდა. შეხვედრის მოდერაციას კი, კონსტიტუციონალისტი გიორგი მშვენიერაძე ახორციელებდა.
პრეზიდენტი, კამპანიის ფარგლებში, ჩასვლას ყველა რეგიონში გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები