აკაკი ზოიძე: ერთი წლის თავზე, თამბაქოს მოხმარება უკვე სრულად აიკრძალება

„ერთი წლის თავზე, თამბაქოს მოხმარება უკვე სრულად აიკრძალება “, – ამის შესახებ ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ მსოფლიოში რაც უფრო ჩქარა გაკოტრდება თამბაქოს ბიზნესი, მით უკეთესი იქნება.
მისი თქმით, ერთი წლის განმავლობაში, გარდამავალი დებულების შესაბამისად, რესტორნებსა და კაფეებში შესაძლებელი იქნება ცალკე ადგილების გამოყოფა მწეველებისთვის, თუმცა ეს არ უნდა იყოს არაუმეტეს 20 %-ისა.
„მაგრამ ერთი წლის თავზე, თამბაქოს მოხმარება უკვე აიკრძალება სრულად. გარდამავალი პერიოდი საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანები მიეჩვიონ ახალ წესს. მოწევა აიკრძალება თავშეყრის ნებისმიერ ადგილში და საზოგადოებრივ დაწესებულებებში. ეს არ ეხება კერძო საცხოვრებელ სახლებს და პენიტენციურ დაწესებულებებს. ასევე, დასაშვები იქნება აეროპორტის სატრანზიტო ტერმინალში“, – განაცხადა ზოიძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად ახალი რეგულაციებისა, მწეველების რაოდენობა, სავარაუდოდ, მხოლოდ 1- 2 %-ით შემცირდება.
„1 და 2%-ის დაკლება ტრილიონობით შემოსავლიანი ინდუსტრიისთვის არაფერია. პირიქით, აქციზის ზრდასთან ერთად, ისინი ბევრად უკეთეს მდგომარეობაში არიან. მე, როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიმაჩნია, რომ რაც ჩქარა გაკოტრდება თამბაქოს ბიზნესი მსოფლიოში, მით უკეთესი იქნება,“ – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
პარლამენტში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დღეს უნდა განიხილონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები