საქართველოდან ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტი შესაძლოა, აიკრძალოს

“საქართველოდან ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტი შესაძლოა, აიკრძალოს”, – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი სამანიშვილმა განაცხადა და მიზეზად „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შეტანა დაასახელა.
მისივე თქმით, შესაბამისი ცვლილება პარლამენტში უკვე ინიცირებულია. როგორც სამანიშვილმა აღნიშნა, 2016 წელს ექსპორტზე დაახლოებით, 50 მილიონი ბოთლი გავიდა და აქედან, ჩამოსასხმელი სახით იყო დაახლოებით, 500 000 ლიტრი მხოლოდ, ანუ ჩამოსასხმელი სახით ღვინის ექსპორტის წილი ძალიან მცირეა, ასევე, ამ ღვინის ღირებულებაც უფრო ნაკლებია და შესაბამისად, ნაკლებად საინტერესოა ღვინის კომპანიებისთვის.
„დღეს, როდესაც ექსპორტი ასე მნიშვნელოვნად იზრდება, აღარ არის საჭიროება, რომ ღვინო გადიოდეს დაბალ ფასად, ჩამოსასხმელი სახით და მეორე – მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ჩვენ საქართველოში ზუსტად ვაკონტროლებთ თითოეულ კილოგრამ ყურძენს, თითოეულ ლიტრ ღვინოს – რამდენი იწარმოება, რა დასახელების, რომელ რეგიონში და რომელი კომპანიის მიერ, როდესაც ღვინო გადის ჩამოსასხმელი სახით, ჩვენ უკვე არ ხელგვეწიფება აღვრიცხოთ ზუსტი რაოდენობა ჩამოსხმული ღვინოებისა და გაჩნდა ეჭვი, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, კომპანიები, რომელებიც ყიდულობენ ჩამოსასხმელი სახით ღვინოს, უფრო მეტ ღვინოს აწარმოებდნენ, ვიდრე მათ იყიდეს საქართველოდან.
ამის თაობაზე გამოძიება მიმდინარეობს ჩვენს ერთ-ერთ მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, რომ მალე დასრულდება ეს პროცესი და გამოჩნდება, იყო თუ არა მართლა დარღვევა. ყოველ შემთხვევაში, გვინდა, რომ შევამციროთ ის რისკები, რაც შეიძლება მოჰყვეს ჩამოსასხმელი სახით ღვინის გატანას“, – განაცხადა სამანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები