გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს მიზანია, უმასპინძლოს საერთაშორისო შეჯიბრს ზამთრის სპორტის სახეობებში

“საქართველოს მიზანია, უმასპინძლოს საერთაშორისო შეჯიბრს ზამთრის სპორტის სახეობებში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევრაზიის მთის კურორტების მესამე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, სხვადასხვა კვლევის თანახმად, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე არსებობს ტურიზმიდან 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის შემოსავლების მიღების შესაძლებლობა.
”მე ყოველთვის აღვნიშნავ, რომ მაქვს ორი თანამდებობა: 1) დიდი პატივი, რომელიც წილად მერგო, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და 2) სამთო-სათხილამურო კურორტების პროექტების მენეჯერობა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყნის 65%-ზე მეტი მთაგორიანია და მთავრობა აქტიურად ავითარებს მთის კურორტებს, რათა ამ რეგიონებში გაჩნდეს წინსვლის მეტი შესაძლებლობა. სხვადასხვა კვლევის თანახმად, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე არსებობს ტურიზმიდან 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის შემოსავლების მიღების შესაძლებლობა. ამის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ თავი მოუყარა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს და მიმართა ისინი ჩვენი მთის კურორტების განვითარებისკენ, ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ჩათვლით. ჩვენ გავხსენით ორი ახალი სათხილამურო კურორტი: გოდერძი და თეთნულდი და შევქმენით ინვესტირებისთვის ხელსაყრელი გარემო, რისთვისაც უზრუნველვყავით გამარტივებული პროცედურები, დაბალი გადასახადები და სხვადასხვა წამახალისებელი მექანიზმი. გარდა ამისა, მთავრობამ წარმატებით გამოიყენა საჯარო-კერძო პარტნიორობის პოტენციალი, რის შედეგადაც, სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებაში კერძო სექტორის ჩართულობით, სამთო კურორტები მოიზიდავს დამატებით ინვესტიციებს, სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად. ერთ-ერთი ასეთი მსხვილი ინვესტორი ბაკურიანის „კოხტა-მიტარბის“ პროექტის ფარგლებში არის დღევანდელი კონფერენციის გენერალური სპონსორი.
გარდა ამისა, მთავრობამ დაიწყო სხვადასხვა კურორტის გენერალური გეგმის შემუშავების ინიციატივის განხორციელება. გუდაური-კობის გენერალურ გეგმა შეიმუშავა კანადურმა კომპანიამ Ecosign Mountain Planners. კიდევ ოთხი კურორტის (ბაკურიანი, თუშეთი, მესტია და ბახმარო) გენერალური გეგმები შემუშავების რეჟიმშია. ამ პროცესის კვალდაკვალ, ჩვენი ძალისხმევა მომავალშიც მოიცავს მთელს ქვეყანას, რათა საქართველოს მთის კურორტები დატვირთული იყოს ზამთარ-ზაფხულ, რისთვისაც მთელი წლის განმავლობაში, ტურისტებს ექნებათ ლაშქრობებში, გასართობ თუ და სპორტული ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.
ამასთან, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ბოლო ხუთი სეზონის განმავლობაში, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების სტუმართა რიცხვი 800%-ით გაიზარდა.
”აღსანიშნავია, რომ ჩვენმა შრომამ უკვე მოიტანა მნიშვნელოვანი შედეგი და დღეს ჩვენ უკვე ვიღებთ საგრძნობ დივიდენდებს – ბოლო ხუთი სეზონის განმავლობაში, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების სტუმართა რიცხვი 800%-ით გაიზარდა. სასიხარულოა, რომ ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება და ამ სეზონზე დაფიქსირდა 49%-იანი ზრდა. გარდა ამისა, საქართველოს მიზანია, უმასპინძლოს საერთაშორისო შეჯიბრს ზამთრის სპორტის სახეობებში. ამ მიზნით, საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს გამართული მთის სათხილამურო კურორტების განსავითარებლად და ყველა პროექტის განსახორციელებლად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად”,  – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები