ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 76-ე შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 76-ე შეხვედრა გაიმართა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლო პერიოდში დაფიქსირებული მნიშვნელოვანი ინციდენტები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ცხინვალის ე.წ. ციხეში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი გიუნაშვილის საკითხზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ გიუნაშვილის მიმართ გამოტანილი ე.წ. განაჩენი არის ყოველგვარ ლეგიტიმურ საფუძვლებს მოკლებული, სრულად პოლიტიზირებული და აუცილებელია მისი გათავისუფლება.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო იმ პრობლემებს, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას კვლავაც ექმნება საოკუპაციო ხაზზე უკანონოდ დამონტაჟებული ხელოვნური ბარიერების მეშვეობით და იმ გამოწვევებს, რომელიც მიმდინარე საგაზაფხულო სასოფლო სამუშაოების პერიოდში ადგილობრივი ფერმერების უსაფრთხოებას უკავშირდება.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2017 წლის 11 მაისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები