მარიამ ჯაშმა პროფესიული განათლების ფესტივალი მისასალმებელი სიტყვით გახსნა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში პროფესიული განათლების ფესტივალში მონაწილეობდა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის მერიის ორგანიზებითა და ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დაფინანსებით გაიმართა.
ღონისძიება გახსნეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა და ქალაქ თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო საქართველოს მასშტაბით არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები და სისტემაში ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციები. ღონისძიებაზე განხორციელდა ცალკეული აქტივობები – პროფესიულ სტუდენტთა თემატური გამოფენა, კონკურსები. ბარმენების შოუ, ციფრული გამოსახულებების მოდელირება.
როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, 2013 წლიდან საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს პროფესიული განათლების სისტემის რეფორმირება. „პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის პროფესიული განათლების შემდეგ უმაღლესი განათლების გაგრძელების შესაძლებლობა და ჩვენ განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ, რომ უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდეს პროფესიული განათლება”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მისივე თქმით, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული განათლება გახდეს ინკლუზიური. „ინკლუზიური განათლება თითოეულ ეტაპზე უნდა იყოს ხელმისაწვდომი და დამოუკიდებელი ცხოვრების საშუალება მიეცეთ ახალგაზრდებს”, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ. მარიამ ჯაში პროფესიული განათლების მიმართულებით საინტერესო საკანონმდებლო ინიციატივებს დაჰპირდა ახალგაზრდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები