არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტს არაგულწრფელობაში ადანაშაულებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით, პრეზიდენტი საკუთარ განცხადებებთან წინააღმდეგობაში მოდის. “პრეზიდენტი, როგორც მინიმუმ არაგულწრფელია, როცა მედიაში პერიოდულად ეჭვებს გამოთქვამს უკანონო მოსმენებზე და მეორეს მხრივ საზოგადოებას მოგვიწოდებს, რომ სპეცსამსახურების მიმართ ნდობა უნდა აღდგესო, რაც ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია,” – განაცხადა თალაკვაძემ.
რაც შეეხება ფარული მოსმენების შესახებ კანონს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, კანონში უპრეცედენტო კონტროლის მექანიზმია გაწერილი და მასში განხორციელებული ცვლილებები პირველ რიგში, ემსახურება ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთოების დაცვას. “მთელ დასავლურ დემოკრატიებში ფარული საგამოძიებო მოქმედებები აღმასრულებელ ხელისუფლებას ექვემდებარება,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფარული მოსმენების შესახებ კანონს გუშინ კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ”ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი სისტემა, როდესაც არავის ეგონება, რომ უსმენენ. ეს არის სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტი. ყურადღებით ვაკვირდები, რა ხდება მოსმენების კანონთან დაკავშირებით. იყო გარკვეული პოზიტივიც, კერძოდ, საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის აქტიურობა. ამ აქტიურობის შედეგად გავაგებინებთ სპეცსამსახურების ემოციით ზედმეტად აჟიტირებულ პოლიტიკოსებს, რომ რაც უფრო მეტად ჩავრევთ საზოგადოებას სახელმწიფო დაცვაში, მით უფრო ძლიერი იქნება სპეცსამსახურები”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებთან შეხვედრაზე.

როგორც მარგველაშვილი აღნიშნავს, ქვეყანა უნდა მივიდეს იქამდე, რომ სპეცსამსახურებს საზოგადოებაში ჰქონდეს მაღალი ნდობა.
საქართველოს პარლამენტმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო 22 მარტს დაძლია. პრეზიდენტმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონს ვეტო 20 მარტს დაადო. მან ვეტოს უფლების გამოყენება კანონში არსებული ორი ძირითადი ხარვეზით ახსნა. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ცვლილებების მიხედვით სუს-ს დაქვემდებარებული სააგენტო დამოუკიდებელი ვერ იქნება. მარგველაშვილი ასევე ამბობს, რომ კანონი გაუმართლებელ და არაპროგნოზირებად ხარჯებს აკისრებს საკომუნიკაციო კომპანიებს.
საქართველოს პარლამენტმა ფარული საგამოძიებო ქმედებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი 1 მარტს მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები