საქართველოს პარლამენტში აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს

 საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტში აუტიზმის ცნობიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. აუტისტური სპექტრის ბავშვებს, მათ მშობლებს და ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ფრაქციის თავმჯდომარე მიესალმა და ორგანიზატორებს დღევანდელი ღონისძიების გამართვისთვის მადლობა გადაუხადა.
„გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოცხადდა. მოხარული ვარ, რომ ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში აუტისტური სპექტრის ბავშვებს ვმასპინძლობთ და მათთან ერთად აღვნიშნავთ ამ მნიშვნელოვან დღეს. ვფიქრობ, რომ მომავალში ასეთი ღონისძიებები კიდევ უფრო მასშტაბური გავხადოთ, რადგან ეს ბავშვები ჩვენი მეგობრები არიან და ჩვენთან ერთად ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ჩვენი ქვეყანა იყოს ძალიან ბედნიერი თავისი თითოეული მოქალაქით”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ღონისძიების მონაწილეებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რატი იონათამიშვილი და აუტისტ ბავშვთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ეკა არველაძე მიესალმნენ. გამომსვლელებმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე, აუტიზმის შესახებ ინფორმირების გაზრდასა და აღნიშნული სპექტრის ბავშვებზე სახელმწიფოს მიდგომასა და ზრუნვაზე ისაუბრეს. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ აუტისტური სპექტრის ბავშვის, 12 წლის გიორგი სიჭინავას ნამუშევრები დაათვალიერა. ღონისძიების დასასრულს ანიმატორებმა ბავშვებისთვის სპეციალური მუსიკალური და გასართობი პროგრამა გამართეს. *** 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა, რასაც ერთხმად შეუერთდა ყველა ქვეყანა, მათ შორის, საქართველო.
აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებული იყო აუტიზმის შემთხვევათა მაღალი სიხშირით, რის გამოც, ეს საკითხი შეფასდა მსოფლიოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ კრიზისად და მნიშვნელოვან გამოწვევად. აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღის აღნიშნვის მიზანია, გაიზარდოს აუტიზმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები