თბილისის ვიცე-მერი ეროვნული სასახლის კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების პრეზენტაციას დაესწრო

თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსთან, ია მაქაცარიასთან ერთად, ეროვნული სასახლის კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების პრეზენტაციას დაესწრო.
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში, ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ, სასახლის კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. ასევე, მიმოიხილა პრიორიტეტულ-სტრატეგიული მიმართულებები, კერძოდ: რებრენდინგის პროცესი, მუზეუმის პროექტი, რომლის ფარგლებში დაგეგმილია სასახლის სივრცეებში სამუზეუმო და საგამოფენო სივრცეების მოწყობა, ასევე, ალექსანდრე ქართველიშვილის სამუზეუმო კუთხის და პლანეტარიუმის განახლება.
უახლოეს მომავალში აღინიშნება სასახლის 75 წლის იუბილე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სასახლის ისტორიული შენობის შესახებ სატელევიზიო-დოკუმენტური ფილმისა და კატალოგის შექმნა.
სასახლეში ყოველწლიურად არაფორმალური განათლების ორგანიზაციების ფორუმიც იმართება. ასევე, დაარსდა სასახლის მეცენატთა და მეგობართა კლუბი, მიმდინარეობს კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი “საუბრები სასახლის სამკითხველოში”. არაფორმალური განათლების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოდელის მიხედვით, მომზადდა თანამედროვე არაფორმალური განათლების გზამკვლევი, ასევე, ჩატარდა საგანმანათლებლო ტრენინგები პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის, სხვადასხვა ორგანიზაციასთან გაფორმდა ურთიერთთნამშრომლობის მემორანდუმები.
ეროვნული სასახლის კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების პრეზენტაციას, თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები