ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ მერეთში „მეგობრობის ბაღი” გაშენდება
ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ მერეთში „მეგობრობის ბაღი” გაშენდება, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა, ბავშვებთან ერთად, სკვერში ბროწეულის ხეივანი გააშენეს. დაირგო ასევე კაკლები და ცაცხვის ნერგები.
„ამ სოფელთან გადის ხელოვნური საზღვარი. მავთულხლართების გარშემო ცხოვრობენ როგორც ქართველი, ასევე ოსი ეროვნების მოქალაქეები. სწორედ ამ ორი ერის მეგობრობის სიმბოლოდ გვინდა ამ ადგილას „მეგობრობის ბაღი” გავაშენოთ. იმედი მაქვს, ეს ხელოვნური საზღვრები მალე დაინგრევა”, – აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი.
200-მდე სხვადასხვა ჯიშის ნერგები, მათ შორის, წითელ წიგნში შეტანილი „უთხოვარი”, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირმა „ორქისმა” უსასყიდლოდ გადასცა.
ნერგები ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზის სკვერშიც დაირგო.