შურისძიება უმცროსი დის გამო – 24 წლის ქალმა მეზობელი მამაკაცი დანით დაჭრა

​მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თექალოში 24 წლის სურქანა მამედოვამ 26 წლის მამედ გუსეინ მამედოვი დანით დაჭრა. როგორც „კვირას“ მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ თექალოს წარმომადგენელმა, ბილანჩი ბაირამოვმა განუცხადა, მამედ გუსეინის დაჭრის ფაქტს წინ ახალგაზრდა ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მისი თქმით, სურქანა მამედოვამ გუსეინ მამედოვზე უმცროსი დის გამო შური იძია.
„მამედ გუსეინ მამედოვი ოჯახით ბაქოში ცხოვრობს და იქ საქმიანობს. იგი საქართველოში იშვიათად ჩამოდის. ვიდრე დაოჯახდებოდა, მას სურქანა მამედოვას უმცროსი და უყვარდა, ისინი მეზობლები იყვნენ. ცოლად მოყვანას ჰპირდებოდა, თუმცა მან გოგო მოატყუა და ცოლად სხვა ქალი შეირთო. სოფელში ამბობენ, რომ მამედ გუსეინ მამედოვი პერიოდულად სურქანა მამედოვის დას ტელეფონით შეურაცხმყოფელ მესიჯებს უგზავნიდა. რამდენიმე დღის წინ, მამედი ოჯახით ბაქოდან სოფელ თექალოში დაბრუნდა. 28 მარტს, დღის 3 საათზე, გუსეინ მამედოვსა და სურქანა მამედოვას შორის ჩხუბი მოხდა, მეზობლები მათ გაშველებას ცდილობდნენ. ქალმა სამზარეულოს დანა აიღო და მამედი მუცლის არეში დაჭრა. გაშველების დროს, შემთხვევით ქალის მეუღლეც დაიჭრა“, – განუცხადა „კვირას“ სოფლის რწმუნებულმა.
მისივე თქმით, დაჭრილი მარნეულის საავადმყოფოშია მოთავსებული. მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ თექალოს წარმომადგენელი ამბობს, რომ 24 წლის სურქანა მამედოვა სამართალდამცავებმა დააკავეს. იგი დანაშაულს აღიარებს.
​როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 1-დან 8 წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები