„ურალის ავიახაზები“ სანქტ-პეტერბურგი-ქუთაისი-სანქტ-პეტერბურგი მიმართულებას ხსნის

ავიაკომპანია „Ural Airlines” საქართველოს მიმართულებით ოპერირებას ახალი დანიშნულების პუნქტიდან, უკვე არსებულ მიმართულებებზე  გაზრდილი სიხშირით განახორციელებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 28 აპრილიდან, ავიაკომპანია რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულებას სანქტ-პეტერბურგი – ქუთაისი – სანქტ-პეტერბურგის საჰაერო ხაზზე იწყებს.
რეისები კვირაში 1 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს შესრულდება.
ავიაკომპანიის მხრიდან ფრენის სიხშირის მატება დაფიქსირდება მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით. წინა წლის ზაფხულის სეზონის განმავლობაში, ხსენებულ საჰაერო ხაზზე ფრენები სრულდებოდა კვირაში 5 სიხშირით, ხოლო მიმდინარე წლის 3 მაისიდან, ფრენები განხორციელდება ყოველდღიურად, კვირაში 9 სიხშირით (დღეში 2 რეისი შესრულდება ყოველ ოთხშაბათს და კვირას).
ფრენებს ავიაკომპანია Airbus A319/320/321 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ოპერირების ნებართვა ავიაკომპანიას 2017 წლის 20 მარტს მიენიჭა.
ახალი ავიარეისები და საჰაერო მიმოსვლის გაზრდილი გეოგრაფიული არეალი გაამარტივებს და ხელმისაწვდომს გახდის რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების, ასევე, რუსი ტურისტების გადაადგილებას საქართველოს ქალაქებისა და ტურისტული ზონების მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები