ირაკლი კობახიძე და გიორგი გახარია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

„კონსტიტუციაში არის მთელი რიგი ნორმები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ იმ ურთიერთობების შინაარსზე, რომელიც ეკონომიკურ სფეროში ყალიბდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ, რომ თითოეული ეს რეგულაცია, რომელიც კონსტიტუციაში შეიძლება გადაიხედოს, განვიხილოთ თქვენთან ერთად”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ კონსტიტუციასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ბიზნესსექტორის მოსაზრებების მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია.
ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის რიგი ნორმების ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად განხილვისთვის მზადყოფნა გამოთქვა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა კომისიის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების შესახებ ისაუბრა.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ახალი კონსტიტუციური მოდელი საქართველოში ნებისმიერი ტიპის ავტოკრატიის ჩამოყალიბებას გამორიცხავს.
„პრაქტიკულად ვქმნით ახალ სისტემას დემოკრატიული მმართველობისა. დღევანდელი კონსტიტუცია ძალიან ბევრ ხარვეზს შეიცავს და თეორიულად, ამ ხარვეზებმა შეიძლება, ავტოკრატიის ჩამოყალიბება განაპირობოს. გვახსოვს, როგორი იყო წინა რეფორმის კონტექსტი, რა ტიპის მოდელი შეიქმნა მაშინ. დღეს გვინდა, შევქმნათ ისეთი კონსტიტუციური მოდელი, რომელიც გამორიცხავს გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოში ნებისმიერი ტიპის ავტოკრატიის ჩამოყალიბებას. მთლიანობაში, ნებისმიერი კონსტიტუცია უნდა ემსახურებოდეს ორ ძირითად მიზანს. ეს არის პლურალიზმის, დემოკრატიის უზრუნველყოფა და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი – სტაბილური სისტემის ჩამოყალიბება. ჩვენი ამოცანაა რომ საუკეთესო ბალანსი შევქმნათ ამ ორი ძირითადი ინტერესის, ამ ორი ძირითადი მიზნის და ვფიქრობთ, რომ ის დოკუმენტი, რომელიც პრაქტიკულად, უკვე მომზადებულია, ამ ორ ძირითად მიზანს ემსახურება და სათანადოდ ასახავს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ამოცანა დღეს არსებული საპარლამენტო მმართველობის სისტემის შენარჩუნება და კიდევ უფრო გაძლიერებაა. სისტემის საერთო მახასიათებლები ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა და დამოუკიდებელი სასამართლო უნდა იყოს.
მისივე თქმით, თითოეული რეგულაცია, რომელიც კონსტიტუციაში გადაიხედება, სწორედ ამ მიზნების მიღწევას ემსახურება.
„უამრავი შესწორება შედის კონსტიტუციაში, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიის ხარისხის ამაღლებას, ჩვენ ვსაუბრობთ მათ შორის, საპარლამენტო საარჩევნო სისტემის რეფორმაზე, ჩვენ ვსაუბრობთ პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობების უკეთეს მოწესრიგებაზე , სხვადასხვა გარანტიებზე, რომლებიც იდება იმისთვის, რომ გაძლიერდეს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა. ეს ყველაფერი, მთლიანობაში, შექმნის იმის გარანტიას, რომ გაგრძელდება დემოკრატიული განვითარების სტაბილური პროცესი და ასევე, უზრუნველყოფილი იქნება ნებისმიერი ტიპის ავტოკრატიის ჩამოყალიბების პრევენცია ჩვენს ქვეყანაში”,- აღნიშნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა.
გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ იმ პოზიტიურ პროცესებს, რაც კონსტიტუციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, კავშირი აქვს ეკონომიკასთან.
„იმ პოზიტიურ ინიციატივებს, პოზიტიური ძვრებს, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს კონსტიტუციასთან დაკავშირებით, აქვს კავშირი ეკონომიკასთან, შესაბამისად, ამ პროცესებს აქვს კავშირი საინვესტიციო გარემოსთან, ჩვენი ბიზნესის ყოველდღიურ ცხოვრებასთან და ჩვენ ვთხოვეთ ბატონ ირაკლი კობახიძეს, ასეთ წრეში განგვეხილა ეს საკითხები, რაზეც ის დაგვთანხმდა. გვინდა, რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა იყოს მაქსიმალურად ღია, მაქსიმალურად ეფექტური და შედეგიანი. შეიძლება, ჩვენ ერთ ხედვამდე ვერ მივიდეთ, მაგრამ გვესმოდეს ერთმანეთის და ჩვენი ძირითადი მიზანი გამომდინარეობდეს ჩვენი ეკონომიკის სწრაფი ზრდიდან, რადგან ეს არის ძირითადი ამოცანა, რადგან სამუშაო ადგილები არის ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი და ყველას კარგად გვესმის, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და საერთოდ, ინვესტიციები, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტია”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ირაკლი კობახიძისა და გიორგი გახარიას ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები