ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთისა და ოკუპირებულ სოფელ ქსუისის გასაყართან გაჩნდა. მერეთში ცეცხლის ჩაქრობა ქართველმა მეხანძრეებმა მალევე მოახერხეს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ინფორმაციით, რუსი ე.წ. მესაზღვრეები და ცხინვალის სახანძროს თანამშრომლები ხანძრის ლოკალიზებას სოფელ ქსუისის ტერიტორიაზე ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა, არსებობდა საშიშროება, რომ ხანძარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დასახლებულ პუნქტამდე გავრცელებულიყო.
ადგილზე იმყოფებოდა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
„ჩვენი მხრიდან მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, სამწუხაროდ, ამ ორ სოფელს ეს რკინის ღობე ყოფს. ჩვენ მზად ვართ, ცეცხლის კერების ჩაქრობაში დავეხმაროთ ოსურ მხარეს“, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით ონიაშვილმა.
ამ დროისთვის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცეცხლის კერების გაღვივების საშიშროება აღარ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები