ომბუდსმენი სექსუალური შევიწროების კანონმდებლობით დარეგულირებას ითხოვს
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სექსუალური შევიწროების კანონმდებლობით დარეგულირებას ითხოვს.
აღნიშნული ინიციატივით, ნანუაშვილმა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გუშინ მიმართა. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაში წერია, სექსუალური შევიწროების კანონმდებლობით დარეგულირებას “სტამბოლის კონვენციით” აღებული ვალდებულებები ითვალისწინებს.
„სექსუალური შევიწროება სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ერთ-ერთი გავრცელებული და დაფარული ფორმაა, რომელიც ხელს უშლის ქალებს, თანაბრად მიიღონ მონაწილეობა საჯარო სივრცეში, განავითარონ პროფესიული შესაძლებლობები და მიეცეთ დისკრიმინაციისაგან თავისუფალ გარემოში შრომის შესაძლებლობა.
წინადადების მომზადების საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სექსუალური შევიწროება, როგორც სამუშაოს შესრულებისას, ისე საჯარო სივრცეში, საკანონმდებლო რეგულირების მიღმაა დარჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ კონვენციის ხელმოწერით, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ დააწესოს სისხლისსამართლებრივი ან სხვა სანქცია სექსუალური შევიწროების შემთხვევაში და აღნიშნული ქმედება დასჯადი გახადოს როგორც სამუშაო ადგილას, ისე საჯარო სივრცეში.
შესაბამისად, სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს სექსუალური შევიწროების შესახებ ქმედითი ჩანაწერის გაჩენას ისეთ საკანონმდებლო აქტებში, როგორებიცაა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“,-წერია ომბუდსმენის განცხადებაში.