სიმონ ნოზაძე: ადგილობრივ თვითმმართველობებს საკუთარი უფლებების სრული და ექსკლუზიური გამოყენების უფლება ექნება

“არასამთავრობო ორგანიზაციების შემოთავაზებით, კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას საკუთარი უფლებების სრული და ექსკლუზიური გამოყენების უფლება ექნება”, – ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარემ, სიმონ ნოზაძემ განაცხადა.
როგორც სიმონ ნოზაძემ აღნიშნა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ეხება, დარღვევების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის წესს.
„არასამთავრობო ორგანიზაციების შემოთავაზებით, კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას საკუთარი უფლებების სრული და ექსკლუზიური გამოყენების უფლება ექნება, აქამდე ეწერა მხოლოდ „ექსკლუზიური“. „სრული“ იმას ნიშნავს, რომ ესა თუ ის საკითხი სრულად გადაწყდება თვითმმართველობაში. მაგალითად, სკოლის საკითხი. უმეტეს საკითხს განათლების სამინისტრო წყვეტს, მაგრამ მოსწავლეების ტრანსპორტირების საკითხი არის ადგილობრივი თვითმმართველობის თემა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თუ აქამდე რაიმე დარღვევის შემთხვევაში, რომელიმე თვითმმართველობაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავდა მხოლოდ საკრებულო, ანუ ხმების უმრავლესობით მიიღებოდა გადაწყვეტილება, კონსტიტუციაში შევა შესწორება, სადაც ქვეყანაში არსებული საკრებულოების წევრთა საერთო რაოდენობის 5%-ს ექნება საშუალება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს რომელიმე საკითხით. ამით ოპოზიციის წარმომადგენლებს ეძლევათ საშუალება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ“, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ.
რაც შეეხება მაჟორიტარული სიტემის გაუქმების საკითხს, ნოზაძე აღნიშნულს არ ემხრობა, თუმცა აღნიშნავს, რომ როგორც უმრავლესობის წევრი, დისციპლინას ემორჩილება.
„მე გულწრფელად ვამბობ – მაჟორიტარული სისტემის გამოყენების მომხრე ვარ. ახლაც მიმაჩნია, რომ ტერიტორიულ ერთეულების უფლებებს ყველაზე უკეთ პარლამენტში მაჟორიტარები წარმოადგენენ , თუმცა მე უმრავლესობის წევრი ვარ და ბუნებრივია, უმრავლესობის დისციპლინას ვემორჩილები, თუმცა ამ საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობს და იმ დათქმით, რომ ყველა მანდატი გამარჯვებულმა პარტიამ მიიღოს, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ, თუმცა პროპორციული არჩევნების სისტემა, ალბათ, დასახვეწია, ბევრი ნიუანსის გათვალისწინება მოგვიწევს“, -განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები