ნაირა გელაშვილის რომანი ლაიფციგის წიგნის ბაზრობის მთავარ მოვლენად იქცა

პირველად ქართული ლიტერატურის ისტორიაში, ქართველი მწერალი ნაირა გელაშვილი ყველაზე პრესტიჟულ ლიტერატურულ პლატფორმაზე Das Blaue Sofa-ზე წარმატებით წარდგა.
როგორც „კვირას“ ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ლაიფციგის წიგნის ბაზრობის მთავარ მოვლენად იქცა მისი რომანის გერმანული თარგმანის – „მე ის ვარ” წარდგინება. რომანი „მე ის ვარ“ ცნობილმა და გავლენიანმა გამომცემლობამ Verbrecher Verlag Jörg Sundermeier 2016 წელს გამოსცა. შეხვედრამ 40 წუთს გასტანა. გერმანელი მკითხველი დიდი ინტერესით უსმენდა ნაირა გელაშვილს, რომლის რომანიც წლევანდელი ბაზრობის მთავარ ლიტერატურულ მოვლენად აღიარეს.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, 23-26 მარტს, 2017 წლის ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე ქართული ლიტერატურა 15 ქართველი ავტორითა და 15-მდე ახალი გერმანულენოვანი გამოცემით წარდგა.
პროგრამა დატვირთული იყო სხვადასხვა ფორმატისა და შინაარსის ლიტერატურული ღონისძიებით და გამოირჩეოდა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით. წარდგენილი იყო როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკოსი ავტორების შემოქმედება, პოეზია და პროზა, რომანები, მოთხრობები, ესეები, დრამატურგია. ოთხი დღის განმავლობაში დაგეგმილი 20-მდე ღონისძიება როგორც ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე, ასევე ქალაქის ცნობილ ლიტერატურულ სალონებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები