ეკა ბესელია „რუსთავი 2“-ს ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
როგორც დეპუტატი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ტელეკომპანიამ გადაცემა “P.S”-ში მორიგი ცალმხრივი და არაობიექტური სიუჟეტი მოამზადა, რომელიც წარსულში ეკა ბესელიას საადვოკატო საქმიანობას შეეხება.
ბესელიას განმარტებით, მისი საადვოკატო ბიურო 2012 წლის შემდეგ აღარ ფუნქციონირებს.
„გუშინ გადაცემა “P.S” – ში დევნილთა თემაზე მომზადებულ ცალმხრივ და არაობიექტურ სიუჟეტში იყო კიდევ ერთი აშკარა და მიზანმიმართული სიცრუე: სიუჟეტის ავტორმა თქვა, რომ თეკლა ხუციშვილს ეკა ბესელიას საადვოკატო ბიუროს ადვოკატი ლილი გელაშვილი იცავდა.
უკვე რამდენჯერმე იყო ეს არასწორი ინფორმაცია სხვადასხვა კონტექსტში გამეორებული.
კიდევ ერთხელ შევახსენებ ამ ტელევიზიას, რომ ჩემი საადვოკატო ბიურო 2012 წლის შემდეგ აღარ ფუნქციონირებს, ადვოკატი ლილი გელაშვილი არ მუშაობს და არ აქვს ჩემთან არანაირი კომუნიკაცია 2013 წლიდან და მოვითხოვ, გაასწოროთ ეს ცრუ ინფორმაცია თქვენსავე ეთერში!
შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, რა მნიშვნელობა აქვს ამ ფაქტსო. ფაქტზე მეტად მოტივაციაა და მიზანია საყურადღებო, წლებია, ეს ტელევიზია ცდილობს, პირდაპირ ან ირიბად ჩემ მიმართ მიზანმიმართული მტრობა თუ მიუღებლობა გამოხატოს ცრუ, ცილისმწამებლური და არაობიექტური ინფორმაციებით. ზოგჯერ და უფრო ხშირად ღიად, ზოგჯერ ქვეტექსტებით, დააკავშიროს ჩემთან ყველა და ყველაფერი.
სხვათაშორის, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაევალა ცილისმწამებელ ელისაშვილს, “რუსთავი 2” – ის გადაცემა ,, არჩევანში,, გაჟღერებული ცილისმწამებლური განცხადებები ამავე ეთერით უარყოს.
სასამართლოს ეს გადაწყვეტილება “რუსთავი 2” -მა ნეტა რატომ არ გააშუქა? სერიალებივით რომ გრძელდებოდა ცილისმწამებლური განცხადებები ჩემ მიმართ ამ არხზე, ამავე თემაზე სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც ელისაშვილი ცილისმწამებლად გამოცხადდა, ნეტა რატომ არ მოექცა ამ ,, ობიექტური ,, ტელევიზიის ყურადღების ქვეშ“,-წერს ბესელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები