საქართველოს პატრიარქი: საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე ზეთარიღი და ზეისტორიული თარიღია

“რა იქნებოდა საქართველო, რომ არ გვქონოდა ჩვენ ავტოკეფალია – ძალიან ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ წყალობამ ღვთისა და მადლმა ღვთისა ინება და საქართველოს მიეცა ავტოკეფალია“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, საზეიმო წირვის დროს ბრძანა.
​პატრიარქის განცხადებით, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე ზეთარიღი და ზეისტორიული დღეა. ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა აღავლინა.
„არის ისტორიული მოვლენები, ისტორიული თარიღები, რომელნიც აღემატებიან თავის მნიშვნელობას, აღემატებიან, როგორც ისტორიულ მოვლენას. აი, ასეთი ზეთარიღი, ზეისტორიული თარიღი არის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. საქართველოს ეკლესიამ მიიღო ავტოკეფალია მე-5 საუკუნეში. დიდი ღვაწლი, დიდი შრომა გასწია მეფე ვახტანგ გორგასალმა, როცა იერუსალიმის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, დადგენილი იყო პირველი კათალიკოსი პეტრე. რა იქნებოდა საქართველო, რომ არ გვქონოდა ჩვენ ავტოკეფალია – ძალიან ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ წყალობამ ღვთისა და მადლმა ღვთისა ინება და საქართველოს მიეცა ავტოკეფალია“, – ბრძანა პატრიარქმა.
პატრიარქმა მრევლს ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა. „ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალმა ინება ავტოკეფალიის დადგენა საქართველოში. ტაძრები, რომლებიც აშენდა, წიგნები, რომლებიც დაიწერა, კულტურა, რომელიც შეიქმნა ქრისტიანულ ნიადაგზე – ყველაფერი ავტოკეფალიის შედეგია და გილოცავთ ავტოკეფალიის აღდგენას. იგი იყო გაუქმებული და აღდგენილი 100 წლის წინ. ჩვენ თავს ვიხრით კირიონის წინაშე, ლეონიდეს წინაშე, კალისტრატეს წინაშე, ანტონ გიორგაძის წინაშე და სხვათა წინაშე, რომელთაც დიდი ღვაწლით, დიდი შრომით აღადგინეს 100 წლის წინ ავტოკეფალია“, – ბრძანა პატრიარქმა. დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 457 წელს ანტიოქიის ეკლესიისაგან მიიღო. რუსეთის იმპერიამ კი ის 1811 წელს გააუქმა.
მას შემდეგ, ქართულ ეკლესიას რუსეთის სინოდი ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა. ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს დაიბრუნა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა ეს წერილობით არ ყოფილა დადასტურებული.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს უშუალო მონდომებით კი მსოფლიო საპატრიარქომ 1990 წელს საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად ცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები