გიორგი მღებრიშვილი ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარს, იოჰანეს ჰანს შეხვდა.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს შს სამინისტროში ბოლო წლებში გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე, მათ შორის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის წარმატებით დასრულების პროცესში შსს-ს მიერ შეტანილი წვლილი.
გიორგი მღებრიშვილმა შენგენის ქვეყნებში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის პოლიტიკურ და სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ევროკავშირს ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს შს მინისტრმა სამინისტროში განხორციელებულ იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც უწყების დასავლურ სტანდარტებთან მიახლოებას ისახავს მიზნად. გიორგი მღებრიშვილმა ევროკომისარს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო, მათ შორის, მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, კრიმინალური პოლიციის რეფორმირება, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა, შსს-ს აკადემიის საერთაშორისო სასწავლო ცენტრად გარდაქმნა და სხვა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს შსს-მ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განვითარების კუთხით, რაც ევროკომისიის მიერ პოზიტიურად შეფასდა.
შეხვედრის დასასრულს გიორგი მღებრიშვილმა და იოჰანეს ჰანმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. საქართველოს შს მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკომისიის მხარდაჭერის მნიშვნელობას სტრატეგიული პროექტებისა და პროგრამების განხორციელების მიმართულებით, როგორიც არის საზღვრის დაცვა და უსაფრთხოება, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროს რეფორმირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები