სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა (ვიდეო)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე: ბექა ბ. და მერაბ ბ. დააკავეს.
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბექა ბ, მერაბ ბ-სთან წინასწარი შეთანხმებით, ვითომდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის მაღალი თანამდებობის პირების მეშვეობით, საქართველოს მოქალაქეს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა 10 000 აშშ დოლარის გადახდა.
აღნიშნულმა პირებმა მოქალაქეს თაღლითურად, წინასწარ გამოართვეს მათ მიერ მოთხოვნილი თანხა 10 000 აშშ დოლარის ოდენობით, რა დროსაც ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით), რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები