ზვიად ძიძიგური: „ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქვების სროლას და მანქანების დაწვას სოლიდარობა გამოუცხადა, იყო „ნაცმოძრაობა“
„ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქვების სროლას და მანქანების დაწვას სოლიდარობა გამოუცხადა, იყო „ ნაციონალური მოძრაობა“ – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური ბათუმში 11-12 მარტს, მომხდარ მოვლენებს.
როგორც ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, ბათუმში განვითარებული მოვლენები სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.
დეპუტატმა ბათუმის მოვლენების უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა. „ის რაც, ბათუმში მოხდა, მაგალითად, ადამიანს რომ მისცე ბენზინი და დაავალო, რომ მანქანა დაწვი, ვერ დაწვავს. იმიტომ, რომ ამას ცოდნა უნდა. ის, რომ იქ ორგანიზებულად ვინ მიიტანა ქვები, ორგანიზებულად ვინ მიიტანა სიგარეტი ან სასმელი, ვის მიჰქონდა “მოლოტოვის კოქტეილი”, ეს ყველაფერი არის ძალიან კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამას უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება. როდესაც მიდიოდა ქვების სროლა, მანქანების დაწვა და ასე შემდეგ, ასეთ დროს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვარშალომიძე გამოვიდა და იქ მიმდინარე მოვლენებს მშვიდობიანი აქცია უწოდა, ამასთან, მან სოლიდარობა გამოუცხადა, ამ სოლოდარობის გამოცხადებაში გამოიხატა ის რომ, თბილისში პარლამენტის შენობის წინ დაიწყეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივიტებმა შეკრება, ასევე დაიწყეს შეკრება ქუთაიასში, სხვადასხვა ქალაქებში, იქვე აჭარაში. ისინი ორგანიზებას უწევდნენ და ჩამოჰყავდათ მხარდამჭერები და აქტივისტები, მათ შორის მაღალმთიანი რაიონებიდან. მე არ ვიცი როდის გაჩერდნენ, ალბათ გაჩერდნენ მაშინ, როცა ყველამ – მარცხნიდან და მარჯვნიდან უთხრეს, – „რას აკეთებთ“ , მე არ ვიცი ვისი ორგანიზებული იყო, მაგრამ ვამბობ, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქვების სროლას და მანქანების დაწვას სოლიდარობა გამოუცხადა, იყო “ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა გადაცემა “პოლიტმეტრში”.